როგორ აღინიშნებოდა საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე - 17 მაისის ქრონოლოგია
17 მაისი - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში ბოლო შვიდი წელია არაერთგვაროვნად აღინიშნება. ყოველი წლის მაისში ლგბტ აქტივისტების შეკრების თუ შეკრების მცდელობის მიზანი იყო, ჰომოფობია საჯაროდ დაეგმოთ. ამ დღეს ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები და ქვიარები თავიანთი ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისთვის საბრძოლველად გამოდიან.
2018 წელი
წელს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია ორგანიზატორებმა გააუქმეს.
"ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში", - წერია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.
ლგბტ აქტივისტები ღონისძიების გაუქმების ძირითად მიზეზად სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობის საფრთხეს ასახელებენ. მიზეზი გასული შაბათ-კვირის აქციებს უკავშირდება, როცა ნეო-ნაცისტური და ფაშისტური დაჯგუფებები ქუჩაში გამოვიდნენ და პარლამენტის წინ შეკრებილების დარბევით იმუქრებოდნენ.
ამ ეტაპზე უცნობია 2018 წლის 17 მაისს ჩატარდება თუ არა რაიმე სხვა ღონისძიება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღის აღსანიშნად.
2017 წელი
ლგბტ აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიასთან, დილის 10 საათზე, მხოლოდ ერთი საათით შეძლეს აქციის გამართვა. მაშინ წინასწარ დარეგისტრირებული დემონსტრანტები ორ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ. ისინი პოლიციის ავტომობილების თანხლებით, სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შემოვლითი გზებით მიიყვანეს.
აქციიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, რუსთაველის გამზირზე, სასულიერო პირები პარალელურ რეჟიმში აღნიშნავდნენ ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღეს, თუმცა, ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ.
2016 წელი
სასტუმრო რედისონის წინ, იქ სადაც ლევან ვასაძის მოწვევით "მსოფლიო ოჯახის კონგრესი" იმართებოდა, ლგბტ აქტივისტებმა ცისარტყელის ფერებში შეღებილი ტაბურეტი დადგეს. რამდენიმე წუთში მათ პოლიციამ სკამი ააღებინა, აქციის მონაწილის სახელზე კი გამაფრთხილებელი ოქმი გამოწერეს. ერთ საათში, რედისონთან სასულიერო პირები ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ, ხატებით მსვლელობა მოაწყვეს და რუსთაველის გამზირის გავლით სამებისკენ გაემართნენ.
2015 წელი
ჰომოფობია და ტრანსფობია მრგვალ ბაღში, იუსტიციის სამინისტროსთან და ვაჩნაძის ქუჩაზე აქტივისტების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მრგვალ ბაღში შეიკრიბა. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე ყველა შესასვლელი გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე ავტობუსი. მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად შეკრებაზე დამსწრეებს წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაევლოთ.
2014 წელი
პუშკინის სკვერში აქცია-ინსტალაცია "უხილავების პროტესტი" მოაწყვეს. პერფორმანსის ავტორების განცხადებაში ვკითხულობთ:
"ეს ცარიელი ფეხსაცმელები აქ დგას იმ ადამიანების ნაცვლად, ვისაც ერთი წლის წინ, 17 მაისს ეყო გამბედაობა, წინ აღდგომოდა ერთ-ერთი ჯგუფის, ლგბტ თემის უხილავობას, ვინც სცადა ჩვენი მხილება დაუნდობლობაში და ჩვენი საერთო გამოწვევების შესახებ საუბარი".
წინა წლის მოვლენების საპირწონედ, მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.
ფოტო: ლიბერალი
2013 წელი
რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია მას შემდეგ ჩაიშალა, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლგბტ აქტივისტების ჯგუფის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აქციის დარბევაში, რამდენიმე ათეულ მაღალი რანგის სასულიერო პირთან ერთად, ეკლესიიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილი და ჭინჭრებით შეიარაღებული მრევლი მონაწილეობდა.
ფოტო 1: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება / ფოტო 2: Reuters
2012 წელი
ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის გასაპროტესტებლად გამოსულ აქტივისტებსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირთან გზა გადაუღობეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ვახტანგ გორგასლის კავშირის წევრებმა. პროტესტს ზოგიერთი გამვლელი მოქალაქეც შეუერთდა და სიტყვიერი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დააკავეს რამდენიმე ლგბტ აქტივისტი.
ფოტო 1: გვანცა ნემსაძე
2011 წელი
საქართველოში 17 მაისი პირველად 2011 წელს აღინიშნა. მაშინ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა.
ფოტო 1: Bart Nikolo / ფოტო 2: Bart Nikolo
17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად აღნიშნავენ. 2013 წელს ლგბტ თემის რამდენიმე წევრის მიმართ მასობრივი ძალადობის შემდეგ, როცა სახელმწიფომ ვერ შეძლო აქციის მონაწილეთა დაცვა, ოთხი წელი გავიდა. 2013 წლის შემდეგ მსგავსი მასშტაბის აქცია ლგბტ ორგანიზაციებმა პირველად გამართეს.
შესწორება: მასლის თავდაპირველ ვერსიაში არ იყო ასახული 2011 წელს ჩატარებული აქციის შესახებ ინფორმაცია.
კომენტარები