რა უნდა ვიცოდეთ ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებაზე - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

2018 წლის 3 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექდათვალიერების ვალდებულება ამოქმედდა. 2019 წლიდან კი ტესტირების გავლა ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის სავალდებულო იქნება. საქართველოს პარლამენტმა რეფორმას 2017 წლის ბოლოს დაუჭირა მხარი. მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ავტომობილებს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.

კონკრეტულად როდის იწყება სავალდებულო ტექდათავლიერება?

ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეტაპობრივად შეამოწმებენ:

  1. 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
  2. 2018 წლის 1-ლი ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები;
  3. 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან M1 - 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები;
  4. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან - M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება.

როგორი იქნება ინსპექტირების გრაფიკი?

პირველ ეტაპზე, ავტომანქანებს შეამოწმებენ მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის მიხედვით. მაგალითად: თუ ავტოტრანსპორტი არის M1 მსუბუქი კატეგორიის და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/10/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2019 წლის 28 ოქტომბრამდე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციისას, პერიოდული ინსპექტირება განხორციელდება რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

შემდეგ იმოქმედებს გრაფიკის წესი:

  1. სამგზავრო (8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მძღოლის ადგილის გარდა) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ - წელიწადში ორჯერ;
  2. სატვირთო (3.5 ტ. ნებადართული მაქსიმალური მასის და ზემოთ ) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  3. მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი (3,5ტ. ნებადართული მაქსიმალური მასის და მეტი)- ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  4. სასწრაფო დახმარება და ტაქსი - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  5. მსუბუქი სამგზავრო (არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის მძღოლის ადგილის გარდა)- ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ კი ყოველ წელიწადს;
  6. მსუბუქი სატვირთო (არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის მძღოლის ადგილის გარდა) - ოთხი წლის მერე გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს არ შეეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება?

  1. ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;
  2. O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;
  3. ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; თუკი აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; თუკი ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება);
  4. იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;
  5. სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.

რა ეღირება ტექნიკური ინსპექტირება?

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი და მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ეღირება 60 ლარი, ხოლო ყველა სხვა სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი.

საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ან საბანკო მომსახურების მეშვეობით, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით.

მყავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, რაიმე განსხვავებული წესი იმოქმედებს შემოწმებისას?

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს დამატებითი სირთულე პერიოდული ტექნიკური ინვესტირებისას არ შეექმნებათ. მათ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების კორექტირება მოუწევთ. მიდგომა ყველასთვის ერთნაირია - მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

რა ბედი ელით გადატანილსაჭიან ავტომობილებს?

გადატანილსაჭიანი ავტომობილები ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ.

ამავე დროს, ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა იკრძალება.

რა მოხდება, თუკი ტექნიკურ ინსპექტირებას არ გავატარებ ავტომობილს?

მძღოლს, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

ასევე, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან ინდმეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მაგალითად, თუ ერთმა ფიზიკურმა სამართავად გადასცა მეორეს ავტომობილი, რომელსაც არ აქვს გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ასეთ შემთხვევაში, თითოეულს ცალ-ცალკე დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

სად შემეძლება ავტომანქანისთვის ინსპექტირების ჩატარება?

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში.

თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

თუ ამ ვადაში განმეორებითი ჩატარდება ინსპექტირება იგივე ცენტრში (მხოლოდ იმაზე, რაზეც დაფიქსირდა ხარვეზი), მომსახურება იქნება უფასო, ხოლო თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება ჩვეულებრივად, დადგენილი წესით.

ასევე, ტესტირების სრული ღირებულების გადახდა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა გასცდება 30 კალენდარულ დღეს.

ტექდათვალიერების რამდენი ცენტრია ქვეყნის მასშტაბით?

საქართველოს მასშტაბით უკვე არსებობს ტესტირების 25 ცენტრი, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია.

როგორ იქნება სისტემა დაცული კორუფციისგან?

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის მიხეილ ხმალაძის თქმით, არც კლიენტსა და არც ტესტირების ცენტრის წარმომადგენელს ნაღდ ფულთან შეხება არ ექნება, არამედ კლიენტი გადაიხდის ელექტრონულად. გარდა ამისა, მანქანის შემმოწმებელს კონტაქტი არ ექნება მეპატრონესთან.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, იწერება შემოწმების მთლიანი პროცესი, არსებობს ელექტრონული სისტემა, რითაც გარკვეული მონაცემები ავტომატურ რეჟიმში მოხვდება შსს-ს სისტემაში, მაგალითად: ის, თუ რომელმა მანქანამ გაიარა შემოწმება, რა პარამეტრები ჰქონდა და ა.შ. სისტემის მაკონტროლებელი ორგანო აკრედიტაციის ეროვნული ცენტრია.

როგორ დავგეგმო ვიზიტი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად?

ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ვებ-გვერდ www.pti.ge-ს მეშვეობით. ამ გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს, აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და დრო ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში.

ვიზიტის დაგეგმვის შედეგად მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებს დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით ვიზიტის დაგეგმვის შესახებ, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმარტფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ლინკით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს.

მფლობელს, ონლაინ-რეზერვაციის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.

ვიზიტის დაგეგმვა, ასევე, შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებითაც.

ტექნიკური ინსპექტირების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ვის მივმართო?

პირობებით დაინტერესებული ადამიანებისთვის უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი - 1484. მასზე დარეკვა შესაძლებელია საერთო სარგებლობის ფიქსირებული და მობილური ქსელებიდან, მხოლოდ ცხელი ხაზის ნომრის - 1484 აკრეფით.

კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან. ცხელ ხაზზე დარეკვა უფასოა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  2. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  3. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  4. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  5. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…