ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს
ფოტო: JAXA
მზე ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია, რაც ნიშნავს, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 მილიარდი წელია. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 5 მილიარდ წელში მის ბირთვში წყალბადის მარაგი ამოიწურება, რის გამოც ჩვენი მნათობი გაფართოვდება და წითელ გიგანტად გადაიქცევა, შემდეგ უფრო დიდ AGB ვარსკვლავად, ბოლოს კი — თეთრ ჯუჯად.
ეს ნიშნავს, რომ მზის გაფართოებას მასთან ახლომდებარე პლანეტები ვერ გადაურჩება. მათ შორის მოიაზრებოდა დედამიწაც, თუმცა ახალ კვლევაში გამოყენებული მოდელების მიხედვით, შეიძლება ჩვენს პლანეტას გადარჩენის შანსი ჰქონდეს. სპეციალისტები ახლომდებარე მომაკვდავ ვარსკვლავს დააკვირდნენ და მნათობთა ევოლუციაც გააანალიზეს.
ახევე, იხილეთ: როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?
კვლევის თანახმად, სიცოცხლის ბოლო ეტაპებზე მზე დედამიწას მიიზიდავს, მაგრამ მასის სწრაფად დაკარგვის გამო ეს გრავიტაცია შესუსტდება. შედეგად, პლანეტას შანსი მიეცემა, რომ გიგანტად გადაქცეულ მზეს სისტემის შედარებით შორეულ რეგიონებში "გაექცეს".
"დედამიწის ბედი ამ ორ ეფექტს შორის დელიკატურ ბალანსზეა დამოკიდებული", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, თუ პირველი ძალა იქნება დომინანტური, პლანეტას მზე შთანთქავს. მეორე მხრივ, თუკი ვარსკვლავი მასას უფრო სწრაფად დაკარგავს, დედამიწის ორბიტა გადიდდება და წითელ გიგანტს გადაურჩება.
წინა კვლევებში მეცნიერებმა მზის მასის დაკარგვის, პროცესში მოქმედი ძალებისა და პლანეტაზე გავლენის შესახებ სხვაგვარი ვარაუდები გამოთქვეს. სწორედ ამიტომ, ძნელია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა ბედი ელის დედამიწას. სამაგიეროდ, ასტრონომებს თეთრი ჯუჯების გარშემო უვნებლად გადარჩენილი ეგზოპლანეტები აქვთ დაფიქსირებული. ამის მიუხედავად, რამდენიმე მსგავს სისტემაში პლანეტების ნარჩენებიცაა აღმოჩენილი.
მეტის გასაგებად ავტორებმა ჩვენგან 200 სინათლის წლით დაშორებული მომაკვდავი ვარსკვლავი L2 Puppis შეისწავლეს, რომელიც მზის მსგავსი იყო. შესაძლოა, ის წელიწადში მასის ერთ მემილიონედს კარგავდეს და შედეგად მტვრიან დისკოს "კვებავდეს", სადაც პლანეტაც უნდა იყოს. პროგნოზების თანახმად, ეს უკანასკნელი იუპიტერზე 12-16-ჯერ მასიურია.
ამ მნათობზე დაკვირვებებისა და ვარსკვლავთა ევოლუციის ახალი მოდელების მეშვეობით მეცნიერებმა დედამიწის შემთხვევაში მოსალოდნელი პროცესები განსაზღვრეს. მათი მონაცემებით, დედამიწა შეიძლება გადარჩეს, თუ მზის დასუსტებული მიზიდულობის პარალელურად მისი გაფართოებადი რადიუსის გარეთ გააღწევს.
მთავარი სწორედ ისაა, თუ რა რაოდენობის მატერიას დაკარგავს ჩვენი ვარსკვლავი. მისი მსგავსი მნათობების ანალიზი მიუთითებს, რომ დედამიწას გადარჩენის უფრო დიდი შანსი აქვს. კვლევის თანახმად, იმავეს ვერ ვიტყვით მერკურისა და ვენერაზე, რადგან მათ მზის გაფართოებული ატმოსფერო შთანთქავს.
უფრო ზუსტი დასკვნების გამოტანაში დამატებითი დაკვირვებები და გაუმჯობესებული მოდელები დაგვეხმარება. მათ შორისაა ევროპული კოსმოსური ტელესკოპი PLATO, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავების გარშემო დედამიწისნაირ პლანეტებს შეისწავლის. მას მომდევნო წელს გაუშვებენ.
ნაშრომი გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდა.

კომენტარები