ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს
ფოტო: Tony Jolliffe/BBC News
40 წლის განმავლობაში, უჯრაში ინახებოდა ერთი შეუმჩნეველი ნამარხი, რომელიც დადასტურდა, რომ ანტარქტიდაში აღმოჩენილი პირველი დინოზავრის ძვალია. ნიმუში 1985 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მაშინდელმა მკვლევრებმა მისი იდენტიფიკაცია ვერ მოახერხეს და ძვალი ქემბრიჯში, British Antarctic Survey-ის (BAS) გეოლოგიურ კოლექციაში შეინახეს.
ახლა, ნამარხის შესწავლის შემდეგ, პალეონტოლოგებმა დაადასტურეს, რომ ეს ტიტანოზავრის სახელით ცნობილი სახეობის კუდის ძვალია. ეს ჯგუფი დედამიწის ისტორიაში არსებულ ყველაზე მსხვილ დინოზავრებს მოიცავს. აღმოჩენა მეცნიერებს ეხმარება გაიგონ, როგორ ცხოვრობდნენ ეს არსებები მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ნამარხების ჩანაწერი ძალიან მწირია.
BAS-ის კოლექციათა მენეჯერმა, დოქტორმა მარკ ევანსმა, ანტარქტიდიდან ათწლეულების განმავლობაში ჩამოტანილ ათასობით მასალას შორის, ნიმუში ახლახან შეამჩნია.
"ხანდახან გაიფიქრებ: 'ნეტავ რა არის ამ უჯრაში?' და სწორედ მაშინ გადააწყდები რამეს, რაც ფრიად საინტერესოდ გამოიყურება", — განაცხადა მან.
ნიმუში თავდაპირველად ჯეიმს როს კუნძულზე აღმოაჩინეს, ხოლო მისი პოვნა გეოლოგის, დოქტორ მაიკ ტომსონის საველე დღიურში დაფიქსირდა. 1985 წლის 9 დეკემბერს, პატარა ჩანახატის გვერდით, წერია: მსხვილი ქვეწარმავლის მალა, სიგანე დაახლოებით 10 სმ.
აღმოჩენა გეოლოგ მაიკ ტომსონის რვეულში დაფიქსირდა
ფოტო: Tony Jolliffe/BBC News
ევანსის თქმით, ნიმუშის მაშინდელი აღმომჩენი ჯგუფი, სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ ნამარხი ზღვის ქვეწარმავალს ეკუთვნის. თუმცა როგორც კი ევანსმა ნახა, მიხვდა, რომ მალა ძალიან "დინოზავრულად" გამოიყურება. უფრო მეტიც, მისი პოვნის თარიღი ნიშნავდა, რომ ეს კონტინენტზე აღმოჩენილი პირველი ნამარხი დინოზავრი იქნებოდა. ევანსი Natural History Museum-ის (NHM) პროფესორს, პოლ ბარეტს დაუკავშირდა, რომ მას მიგნება დაედასტურებინა.
"შეიძლება მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ ფორმა ნამდვილად ძალიან განსხვავებულია", — თქვა ბარეტმა. მან ნამარხის ერთ ბოლოში არსებულ ღრუზე მიუთითა, შემდეგ გადაატრიალა და მეორე ბოლოს მომრგვალო ბორცვი გამოჩნდა. მალები ერთმანეთს ებჯინება და თავიდან კუდამდე ბურთი-ბუდის ტიპის სახსრების მწკრივს ქმნის.
"როგორც კი დავინახე, მივხვდი, რასთან გვქონდა საქმე... აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ ეს ტიტანოზავრია" — თქვა მან — "ნიშნების ეს ერთობლიობა სრულიად უნიკალურია სწორედ ამ ტიპის დინოზავრებისთვის".
80 მილიონი წლის წინ, როდესაც ტიტანოზავრები ანტარქტიდაზე ბინადრობდნენ, კონტინენტი ხშირი ტყეებით იყო დაფარული
ფოტო: Andrew McAfee/Carnegie Museum of Natural History
დღეისათვის მსოფლიოში ტიტანოზავრის 100-ზე მეტი სახეობაა იდენტიფიცირებული. ყველა მათგანი ოთხფეხა მცენარისმჭამელია, ძალიან გრძელი კისრით, რომლითაც მაღალ ხეებს წვდებოდა, და გრძელი კუდით, რომლითაც წონასწორობის ინარჩუნებდა. ყველაზე დიდი ტიტანოზავრები სიგრძეში 35 მეტრზე მეტს აღწევდნენ და წონით 60 ტონამდე იყვნენ. ამ კუდის ძვლის ზომის მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტარქტიდის ტიტანოზავრი დაახლოებით 7 მეტრი სიგრძის იყო.
"შესაძლოა, ახალგაზრდა დინოზავრი ყოფილიყო, ან ნამდვილად პატარა ეგზემპლარი, ზრდასრული ინდივიდი, რომელიც ჯგუფის დანარჩენი წარმომადგენლებისგან განსხვავებით პატარა აღნაგობის იყო", — განმარტა ბარეტმა.
პიტერბოროს საკათედრო ტაძარში გამოფენილი ტიტანოზავრის მაკეტი
ფოტო: Tony Jolliffe/BBC News
ეს დინოზავრი 82 მილიონი წლის წინ, გვიანი ცარცული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა, როდესაც ანტარქტიდა გარეგნულად სრულიად სხვაგვარი იყო. კონტინენტი ხშირი ტყეებით იყო დაფარული, რაც ამ მცენარისმჭამელი არსების სათანადო საკვებს უზრუნველყოფდა.
დიდი ხნის დავიწყებული ნამარხი ახლა ანტარქტიდის კვლევის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 1985 წლის შემდეგ, აქ სხვა დინოზავრის ნამარხებიც აღმოაჩინეს, თუმცა ძალიან ცოტა. ანტარქტიდა პალეონტოლოგებისთვის სამუშაოდ ძნელი გარემოა, ხოლო მიწისქვეშა ქანებში დამარხულ პრეისტორიულ ჩანაწერს ყინული მალავს.
დოქტორმა მარკ ევანსმა ნამარხი British Antarctic Survey-ის გეოლოგიურ კოლექციებში შეამჩნია
"ეს გვიჩვენებს, რომ ადგილი, რომელიც დღეს ჩვენ სრულიად დაუსახლებლად მიგვაჩნია, ოდესღაც სიცოცხლისთვის ძალიან შესაფერისი იყო და პერსონაჟთა ეს მდიდარი დასი აქ ბინადრობდა", — განაცხადა ბარეტმა — "ეს გვეხმარება გავიგოთ, როგორ ერგებოდნენ ისინი ამ ფართო ეკოსისტემებს, 80 მილიონი წლის წინ, სამყაროს სრულიად შორეულ კუთხეში".
კომენტარები