ევკლიდეს კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრის ყველაზე დეტალური ფოტო გადაიღო, რაც კი აქამდე გადაღებულა. როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) განმარტავს, გამოსახულება 60 მილიონ ვარსკვლავს იტევს. სააგენტოს თქმით, ახალი ფოტო მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების ძებნაშიც შეიძლება დაგვეხმაროს.

ევკლიდე 2023 წელს გაეშვა. მისი მიზანი ცის 1/3-ის აღბეჭდვა იყო, რათა საბოლოოდ ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესახებ მეტი გავიგოთ. ამჟამად ასტრონომებმა ტელესკოპი ცის ყველაზე განათებული ნაწილისკენ მიმართეს და შთამბეჭდავი ფოტოებიც გადაიღეს.

ასევე იხილეთ: ევკლიდე უკვე კოსმოსშია — სამყაროს ყველაზე ბნელი და დიდი საიდუმლოს ამოსახსნელად

ეს ხილულ სპექტრში ჩვენი გალაქტიკის ცენტრის უდიდესი მაღალი რეზოლუციის მქონე გამოსახულებაა.

ფოტო: ESA/Euclid/Euclid Consortium/NASA, CFHT, image processing by J.-C. Cuillandre and E. Bertin (CEA Paris-Saclay)

ევკლიდე დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებითაა. ეს გამოსახულება მან 2025 წლის მარტში 26 საათის განმავლობაში გადაიღო. საამისოდ ხილული სპექტრის კამერა გამოიყენა. მოზაიკა 9 ფოტოსგან შედგება, თითოეულ მათგანში ცის ის ნაწილია აღბეჭდილი, რომელიც მთვარეზე დიდიც კია. თავიდან გამოსახულება შავთეთრი იყო, ფერები მოგვიანებით დაამატეს. ამისთვის ჰავაიზე არსებული კანადა-საფრანგეთი-ჰავაის ტელესკოპით წარმოებული დაკვირვებები გამოიყენეს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ფოტოებს ეგზოპლანეტების მასის გამოსათვლელად გამოიყენებენ.

წინა ფონზე არსებული მკვრივი მოლეკულური ღრუბელი (LDN 10) განათებული ნაწილებიდან წამოსულ სინათლეს ჩრდილავს.

ფოტო: ESA/Euclid/Euclid Consortium/NASA, CFHT, image processing by J.-C. Cuillandre and E. Bertin (CEA Paris-Saclay)

ამისთვის მიკროლინზირების პროცესს დაეყრდნობიან. ეს მაშინ ხდება, როცა დიდი მასის მქონე ობიექტის ძლიერი გრავიტაციის გავლენით სინათლე მრუდდება და ერთგვარ კოსმოსურ გამადიდებელ შუშას ქმნის, რომელიც დიდ დისტანციაზე არსებულ სხეულებს ავლენს. გამადიდებელი შუშის როლს ერთ-ერთი ვარსკვლავი ასრულებს, რომელიც უკან მდებარე ვარსკვლავის სინათლეს ამრუდებს. თუ ამ ვარსკვლავის გარშემო პლანეტა ბრუნავს, სინათლეს მისი გრავიტაციაც გაამრუდებს. ეს ცვლილება მეცნიერებს ეგზოპლანეტის პოვნის საშუალებას აძლევს.

"ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ მეთოდით თითქმის 300 ეგზოპლანეტა იპოვეს. თითოეული მათგანის აღმოსაჩენად მიწაზე არსებული ტელესკოპი გამოიყენეს და ყველა მათგანი გალაქტიკის ცენტრისკენ მდებარეობდა", — განმარტა ფრანგმა ასტრონომმა ჟან-ფილიპ ბოლიომ.

ახალი ფოტო უკვე ცნობილ 51 პლანეტარულ სისტემას ასახავს. მეცნიერები მისი გამოყენებით კიდევ უფრო მეტის პოვნასაც იმედოვნებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.