სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) გრიპის ახალი ტიპის ვაქცინის შეფასების პროცესშია. ვაქცინას mFlusiva ჰქვია და იგი კომპანია Moderna-მ შექმნა.

FDA-ის მრჩეველთა დამოუკიდებელმა კომიტეტმა Moderna-ს კვლევები განიხილა და გადაწყვიტა, რომ ვაქცინის სარგებლიანობა რისკებს ბევრად გადაწონის. გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის ცხრავე წევრმა დაუჭირა.

ეს მოცემულობა ორივე შესწავლილი ასაკობრივი ჯგუფისთვის ვლინდება: 50-64 წლის ხალხისთვის და 65+ მოსახლეობისთვის. FDA საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებს.

ყოველწლიურად გრიპით ათიათასობით ამერიკელი იღუპება, ასაკოვანი ადამიანები კი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. აშშ-ში უკვე გრიპის მრავალი ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი, სამი მათგანი სპეციალურად 65 წელს გადაცილებულ პაციენტებზეა გათვლილი.

ამის მიუხედავად, mRNA-ით (ამ ტექნოლოგიამ შემქმნელს ნობელის პრემია მოუტანა) დამზადებული ვაქცინების წარმოება უფრო სწრაფია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ გრიპის ვირუსი მუტაციას განიცდის.

ერთ-ერთ კვლევაში 40 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა მინიმალური ასაკიც 50 წელი იყო. მათში Moderna-ს mRNA ვაქცინამ სხვა ბრენდებთან შედარებით გრიპის შემთხვევები 27%-ით შეამცირა.

უფრო მცირე მასშტაბის კვლევაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები მონაწილეობდნენ. Moderna-ს ვაქცინამ ამ შემთხვევაშიც უფრო ძლიერი დამცავი ეფექტი აჩვენა, ვიდრე სხვა ბრენდების ვაქცინებმა.

შეხვედრაზე FDA-ის ვაქცინების მიმომხილველმა, პროფესორმა ტიმოთი ბრენანმა განმარტა, რომ სააგენტო აქტიურად განიხილავს ახალი ვაქცინის დადასტურებას. თუ ეს მართლაც მოხდება, Moderna ახალ კვლევას ჩაატარებს, რომელშიც 400 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მათი მინიმალური ასაკი 65 წელი იქნება. ნახევარს mRNA-ის ვაქცინას გაუკეთებენ, დანარჩენს კი ერთ-ერთ სხვა ვაქცინას, რომელიც სპეციალურად ხანდაზმულებზეა გათვლილი. ეს კვლევა გრიპის 2 სეზონის განმავლობაში უნდა გაიმეორონ.

Moderna-ს მონაცემებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული რისკები არ გვხვდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში დროებითი რეაქციები გამოვლინდა, მაგალითად, ტკივილი ვაქცინის შეყვანის ადგილას, სიცხე, თავის ტკივილი და მოთენთილობა. ზოგადად, მსგავსი რეაქციები მრავალი ტიპის ვაქცინის შემთხვევაში გვხვდება, თუმცა ამჯერად ცოტათი უფრო ხშირად, ვიდრე დღესდღეობით გავრცელებულ სხვა აცრებში. FDA-მ განმარტა, რომ ეს mRNA ვაქცინებისთვის დამახასიათებელი და ნორმალურია.

როგორც სტენფორდის მკვლევარი და FDA-ის მრჩეველი, პროფესორი ჰეილი განსი, განმარტავს, ეს დროებითი რეაქციები სწორედ იმის ნიშანია, რომ თქვენი იმუნური სისტემა ვაქცინაზე სწორად რეაგირებს.

ამის გარდა, Moderna ვაქცინას ახალგაზრდებზეც ტესტავს. ამ შემოდგომაზე მსგავსი კვლევის ჩატარება 9-17 წლის ცდისპირებზეც იგეგმება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.