რა ასაკში აღწევს ადამიანი ფიზიკური შესაძლებლობების პიკს
მასშტაბური კვლევის თანახმად, ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების გაუარესება 35 წლიდან იწყება.
ფოტო: Canva
ყველამ ვიცით, რომ ფიზიკური შესაძლებლობები გარკვეულ ასაკთან ერთად უარესდება. ბევრს მიაჩნია, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მაშინ შეგვეხება, როცა უკვე საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში ვიქნებით. როგორია რეალობა?
ახალი კვლევის მიხედვით, ვარჯიშის მიუხედავად, ფიზიკური ფორმა და ძალა უკვე 35 წლიდან იწყებს შემცირებას — ეს სტატისტიკა ასაკთან ერთად უფრო ჩქარდება.
ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ მისი შენელება ნამდვილად შეგვიძლია. არ ვიქნებით ორიგინალურები თუ ვიტყვით, რომ ამისთვის ფიზიკური აქტივობაა საჭირო.
ასაკის მატებასთან ერთად, კუნთოვანი მასა ნელ-ნელა მცირდება, რაც ბევრისთვის 60 წლის ასაკში უკვე საგანგაშო შეიძლება იყოს.
პროფესიონალი სპორტსმენების კვლევებმა აჩვენა, რომ მუდმივი ვარჯიშის მიუხედავად, ფიზიკური კონდიცია დაახლოებით 30 წლის ასაკში აღწევს პიკს. ეს მიუთითებს, რომ ასაკთან დაკავშირებული კუნთოვანი მასის შემცირების პროცესები შეიძლება უკვე წლების წინ იწყება, სანამ კლინიკურად შესამჩნევი გახდება.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სპორტსმენებში ფიზიკური შესაძლებლობების კვლევას აქვს სარგებელი — მაგალითად, მონაცემების ხელმისაწვდომობა. მეორე მხრივ, არსებობს მინუსები — შესაძლოა, პროფესიონალი სპორტსმენები საერთო მოსახლეობის ნამდვილ სურათს ვერ წარმოაჩენდნენ.
ახალი ანალიზის ფარგლებში, მეცნიერებმა ჩაატარეს მასშტაბური, მოსახლეობაზე დაფუძნებული კვლევა, რათა შეეფასებინათ ფიზიკური შესაძლებლობები მოზარდობიდან ხანდაზმულობამდე.
მეცნიერთა ჯგუფმა გამოიყენა მონაცემები შვედეთის ფიზიკური აქტივობისა და ფიტნესის (SPAF) კვლევიდან, რა დროსაც მონაწილეებს 1974 წლიდან აკვირდებოდნენ, როდესაც ისინი 16 წლის იყვნენ.
მკვლევრები დააკვირდნენ ამ ადამიანების ძალისა და ფიტნესის მონაცემებს ხუთი ინტერვალით — 16, 27, 34, 52 და 63 წლის ასაკში.
მკვლევრების თქმით, ასაკის ფაქტორი კაცებსა და ქალებზე ერთნაირად მოქმედებდა. ორივე სქესისთვის კუნთოვანი მასა პიკს 26-36 წლის ასაკში აღწევდა, შემდეგ კი თანდათან იკლებდა — თავიდან წლიურად 0.3-0.6%-ით, მოგვიანებით კი კლება 2.5% იყო.
მეორე მხრივ, იყო ერთი განსხვავება: კაცებში პიკი 27 წლის ასაკში დააფიქსირეს, მაშინ როცა ქალებში ეს 19 წლის ასაკში მოხდა. 63 წლის ასაკში მონაწილეების კუნთოვანი მასის საერთო კლების მაჩვენებელი (პიკთან შედარებით) 30–48%-ს აღემატებოდა.
არის კარგი ამბავიც — მკვლევრების თქმით, ფიზიკური აქტივობით კუნთის მასის კლების შენელება მნიშვნელოვნად შეგვიძლია. ისინი ვინც პატარა ასაკიდან ვარჯიშობდნენ, კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ კვლევის ბოლომდე. მეტიც, ვარჯიშის შედარებით დიდ ასაკში დაწყებაც კი, ფიზიკურ კონდიციებს 10%-ით აუმჯობესებდა.
კვლევა The Journal of Cachexia, Sarcopenia and Muscle-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები