სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს
მეცნიერები ცნობიერების საზღვრებს იკვლევენ.
ფოტო: Allen Institute
მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებთ სად მთავრდება "მე" და საიდან იწყება გარე სამყარო?
შესაძლოა, ეს უცნაურ კითხვად მოგეჩვენოს, თითქოს პასუხიც აშკარაა, მაგრამ საკუთარი თავის შესამეცნებლად ტვინი ძალიან რთულ პროცესებს უმკლავდება. და, აი, ახლა მეცნიერებმა ტვინის კონკრეტულ უბანში წარმოქმნილი ტალღები სხეულის მიერ საკუთარი თავის გააზრებასთან დააკავშირეს.
შვედმა და ფრანგმა მკვლევრებმა 106 მოხალისე შეისწავლეს. მკვლევრები მათ "რეზინის ხელის ილუზიის" (Rubber Hand Illusion) ფარგლებში დააკვირდნენ.
ეს არის კლასიკური ილუზია, რა დროსაც კვლევის მონაწილე საკუთარი კიდურის მაგივრად რეზინის ხელს ხედავს. რეზინის ხელი იქ არის, სადაც ადამიანის ხელი უნდა ყოფილიყო. როდესაც რეალურსა და რეზინის ხელს ერთდროულად ეხებიან, ადამიანს ეჩვენება თითქოს რეზინის ხელი მართლაც მისი სხეულის ნაწილია. ასეთი ექსპერიმენტისას მკვლევრები მონაწილეების ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ.
ფოტო: Martin Stenmark/Karolinska Institute
ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში ტვინის აქტივობას ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) საშუალებით აკვირდებოდნენ. EEG-მა აჩვენა, რომ სხეულის მიერ საკუთარი თავის აღქმა პრეფრონტალურ ქერში ალფა ტალღების სიხშირის მიხედვით წარმოიქმნება. ეს ტვინის რეგიონი პასუხისმგებელია სხეულის რუკაზე, სენსორული ინფორმაციის დამუშავებასა და "მე"-ს აღქმაზე.
"ჩვენ გამოვავლინეთ ტვინის ის ძირითადი პროცესი, რომელიც სხეულში ყოფნის შეგრძნებას განსაზღვრავს. ამან შეიძლება ახალი წარმოდგენა შეგვიქმნას ფსიქიატრიულ მდგომარეობაზე, როდესაც თვითაღქმა დარღვეულია", — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი მარიანო დ’ანგელო.
ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე რობოტი მონაწილეს ხელსა და რეზინის ხელს ერთდროულად ეხებოდა. შეხებისას ზოგჯერ შეფერხებაც იყო — მხოლოდ 500 მილიწამის.
როგორც მოსალოდნელი იყო, მონაწილეებმა რეზინის ხელი საკუთარ კიდურად მაშინ აღიქვეს, როდესაც რობოტის შეხება სინქრონიზებული იყო. რაც უფრო დიდი იყო შეფერხება, მით უფრო ნაკლებად აღიქვამდნენ ადამიანები რეზინის ხელს თავისად.
მეორე ექსპერიმენტისას EEG-ის მონაცემებმა კვლევას უფრო მეტი დეტალი შესძინა. აღმოჩნდა, რომ პრეფრონტალურ ქერქში ალფა ტალღების სიხშირე შეხებებს შორის შეფერხებასთან იყო კავშირში.
ისინი ვისი ტალღებიც უფრო სწრაფი იყო, რეზინის ხელსა და რეალურ კიდურს ერთმანეთისგან უფრო სწრაფად არჩევდნენ. მკვლევრები დაინტერესდნენ, რამდენად კავშირშია ტვინის ეს ტალღები საკუთარი თავის შეგრძნებასთან.
მესამე ჯგუფის მონაწილეებზე მკვლევრებმა გამოიყენეს არაინვაზიური ტექნიკა, რათა აეჩქარებინათ ან შეენელებინათ ალფა ტალღების სიხშირე. და მართლაც, ეს პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა იმასთან, თუ რამდენად რეალურად აღიქვამდნენ მონაწილეები რეზინის ხელს საკუთარ ხელად.
ალფა ტალღების აჩქარებამ მონაწილეებს სხეულის საკუთრების შეგრძნება გაუმყარა. მეორე მხრივ, ტალღების შენელებამ მონაწილეებს საკუთარ სხეულსა და გარე სამყაროს შორის სხვაობის აღქმა გაურთულა.
"ჩვენ გვსურს გავიგოთ, როგორ ახერხებს ტვინი სხეულიდან მოსული სიგნალების ინტეგრირებას, რათა შექმნას ის, რასაც ჩვენ 'მე'-ს ვუწოდებთ", — ამბობს ჰენრიკ ერსონი, ნეირომეცნიერი კაროლინსკას ინსტიტუტიდან.
მეცნიერების თქმით, ეს კვლევა შიზოფრენიისა და სხვა მსგავსი დაავადებების უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, შეიძლება გამოგვადგეს უფრო რეალისტური პროთეზური კიდურების შექმნაში ან ვირტუალური რეალობის ხელსაწყოების განვითარებაში.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები