22 ოქტომბერს, ოცნების ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა საინვესტიციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო Eagle Hills-ის შვილობილი კომპანიის 33%-ის მფლობელი გახდა და ერთობლივ პროექტში გონიოს 260 ჰექტარი მიწითა და თბილისის მიმდებარედ 590 ჰექტარი ტყე-პარკით შევიდა, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსების აშენება იგეგმება. არსებული ინფორმაციით, პროექტების საერთო ღირებულება $6,6 მლრდ იქნება.

იმავე დღეს "საინვესტიციო ხელშეკრულება" და "აქციონერთა შეთანხმება", ისევე როგორც მათი თანმხლები დოკუმენტაცია, კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადდა. 22 ოქტომბრის განკარგულებას ხელი ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

Eagle Hills-ის $6,6 მლრდ-იანი ინვესტიციის შესახებ NEWS.On.ge ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას ესაუბრა.

რა ვიცით Eagle Hills-ის $6,6 მლრდ-იანი ინვესტიციის შესახებ? რატომ არის გასაიდუმლოებული კონტრაქტი?

ნიკა შურღაია

ნიკა შურღაია

ნიკა შურღაია, ფინანსისტი: ჩვენ ვიცით ძალიან ცოტა. გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროექტების ფარგლებში 1 მლნ კვ/მ კი არა, 2.4 მლნ კვ/მ მშენებლობაა დაგეგმილი. მან თავად განაცხადა ამ ორგანიზაციის ოფისის გახსნის დღეს, 1 მლნ კვ/მ აშენდებაო, რამდენიმე კვირის შემდეგ ეს 2,4 მლნ-ად გადააკეთა და ეს ისე განაცხადა, ვითომ ვინმეს სხვას ეთქვას. ანუ, ბატონი კობახიძე თავად ცვლის საკუთარ სიტყვებს და შემდეგ ისე წარმოაჩენს, თითქოს ვინმემ რამე დააბრალა. მისი ასეთი ქცევის გამო, რაც ხშირია, კიდევ უფრო მეტად გვჭირდება წერილობითი ინფორმაცია დე-ფაქტო ხელისუფლებისგან.

კიდევ ვიცით, რომ პროექტი მოიცავს 2 ტერიტორიას: 600 ჰა-ს თბილისთან და 250 ჰა-ს — გონიოში, ყოფილი პოლიგონის სივრცეზე. თავიდან იძახდნენ, რომ აქ უნდა აშენებულიყო მხოლოდ კოტეჯები, ახლა ამბობენ, რომ უნდა აშენდეს კოტეჯები და კომერციული შენობები. ხვალ კიდევ სხვა რამეს იტყვიან...

ეს ქცევა ჯორჯ ორუელის "ცხოველთა ფერმას" მაგონებს. იქ 7 მცნებაა, რომელიც კედელზე დაიწერა — ერთ-ერთ მცნებაში წერია, რომ ყველა ცხოველი თანაბარია. შემდეგ ერთ-ერთმა ღორმა ღამით მიაწერა, რომ "ზოგიერთი უფრო თანაბარია". კიდევ ერთ მცნებაში ეწერა, რომ "არც ერთი ცხოველი არ ჩაწვება ლოგინში" და შემდეგ იმავე ღორმა მიაწერა: "თუ იქ არის თეთრეული". ეს კლასიკური ნაწარმოები წარმოაჩენს ცრუ ხელისუფლებების ქცევას და ჩვენი ვითარებაც ამ თარგში ჯდება. სწორედ ასე ხდება ხოლმე ადრე ნათქვამის გადაკეთება და საზოგადოების მოტყუება.

ირაკლი კობახიძე და მოჰამედ ალაბარი

ირაკლი კობახიძე და მოჰამედ ალაბარი

რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ ინვესტიციის შედეგად რეალური სარგებელი მიიღოს?

რაღაც სარგებელი, რა თქმა უნდა, იქნება. კითხვაა, რა უფრო მეტი იქნება, სარგებელი თუ ზიანი? მზად ვართ ასეთი ზიანის ასატანად?

სანამ კითხვებზე პასუხი მიგვიღია, საკითხის ამ მხარეზეც ვიფიქროთ — აშენებული ფართობის ნახევარზე მეტი ქართველებმა უნდა იყიდონ, დანარჩენი — უცხოელებმაო. ამბობს ბატონი კობახიძე გავრცელებულ ვიდეოში. სად არის იმდენი ქართველი, ვინც ამ უძრავ ქონებას იყიდის?

დღევანდელ რეალობაში უკვე აშენებულის გაყიდვა ჭირს. მშენებლობის სექტორი, ოფიციალური სტატისტიკით, შენელებულია. არის ამაზე ანგარიშები, მათ შორის ცნობილი საბროკერო კომპანიების, რომლებიც აჩვენებენ, რომ უძრავი ქონების გაყიდვა ჭირს. ერთადერთი, რაც გაყიდვებს ხელს უწყობს ისაა, რომ აიოლებენ გაყიდვების პირობებს, ანუ ძალიან პატარა წინასწარ შენატანს სთხოვენ და ხანგრძლივ შიდა განვადებას სთავაზობენ კლიენტს — "ოღონდ შენ იყიდე " პრინციპით. მაგრამ, რეალურად, ამდენი გადახდისუნარიანი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, დღევანდელ არასტაბილურ საქართველოში, დამატებითი უძრავი ქონებას შეძენა სურს, არ გყავს.

როდესაც გამოჩნდება, რომ ამ პროექტსაც გაუჭირდება უძრავი ქონების გაყიდვა, მერე უფრო მეტად გაყიდიან უცხოელებზე. მაქვს ხედვა, რომ ასეთი სცენარის განხორციელებას შეეცდებიან — ძალიან ბევრი უცხოელის ჩამოყვანა აქვთ განზრახული მას შემდეგ, რაც შიდა წინააღმდეგობას "გაანადგურებენ". ახლო მომავალში ვერ გაყიდიან, მაგრამ მაგათ არ აქვთ შინაგანი მუხრუჭი, მხოლოდ ხალხის წინააღმდეგობა აჩერებთ ჯერჯერობით... ახლა კი იძახიან, არაფერი განსხვავებული პირობები არ გვექნება უცხოელებისთვისო, მაგრამ მერე შეიძლება შეცვალონ პირობები. ახლა არ ვიცით ვის რა უფლებები აქვს და როგორი იქნება იქ ტერიტორიების ადმინისტრირება, რომლებსაც ამ ინვესტორებს გადასცემენ.

როდესაც შენ მიწას გადასცემ სხვას... ვთქვათ, ეს მიწა ღირს მილიარდი დოლარი და შენ იღებ 33%-ს, მაშინ შენ ელი, რომ ისინი ორჯერ მეტი თანხით შემოვლენ, ან მატერიალურ-არამატერიალური აქტივით. და რა ჩადეს არაბებმა? მიწა სახელმწიფო ქონებაა — რა არის იმის დამადასტურებელი საზოგადოებისთვის, რომ სწორ ფასად ასხვისებენ, სხვა საკითხებს რომ თავი დავანებოთ? რა ვალდებულებები აიღო 67%-ის მფლობელმა არაბმა პარტნიორმა ეს მიწა? სად არის დასტური, რომ მათ ვალდებულებების საკუთარი წილი შეასრულეს?

როდესაც ქართველ მყიდველებს რაიმეს სთავაზობენ, ასე ჩანს, რომ ფაქტობრივად ყიდიან ჰაერს. ანუ ჯერ არ არსებული მშენებლობების გაყიდვას და ფულის აღებას ცდილობენ. საკმაოდ სარისკოა ასეთი რაღაცის გაკეთება საკუთარი მოქალაქეებისთვის და, ზოგადად, ნებისმიერი მყიდველებისთვის. რომ ვერ დაამთავრონ, მერე რა იქნება? ამ კითხვას რომ დასვამ, პასუხია: "აუ, ასეთი რეპუტაციული კომპანიაა Eagle Hills"... არადა, საერთაშორისო გამოცდილებით, Eagle hills არ არის რეპუტაციული კომპანია. მათი ნამოქმედარი ნახეთ სერბეთში და თავად დარწმუნდებით. აქვე გავიხსენოთ, რომ თავიდან საუბარი იყოს EMAAR-ზე, ეს არის ბურჯ-ხალიფას და ბევრი ცნობილი შენობის ამშენებელი კომპანია დუბაიში და ემირატებში. მერე "შემოაცურეს" Eagle hills.

სხვა ასპექტსაც შევეხოთ — მშენებლობების პროცესში ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნებაო, გვპირდებიან. უვიზო რეჟიმი გვაქვს უამრავ ღატაკ აზიურ და აფრიკულ ქვეყანასთან. არავინ იცის იქ ვინ და როგორ დასაქმდება. სიტყვიერად იძახიან, რომ ქართველები დასაქმდებიანო, მაგრამ ფაქტობრივად ეს როგორ განხორციელდება, უცნობია და კომპანიის გადასაწყვეტია. რა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული ოფიციალურად არ თქმულა. რამდენად მოერგება ეს ჩვენს კანონმდებლობას? საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული პირობების დაცვით, ნებისმიერ ბინადრობის უფლების მქონე ადამიანს აქვს უფლება, რომ იმუშაოს. ამ შემთხვევაში როგორ გაკონტროლდება ვინ იმუშავებს?

პროექტის მშენებლობა ეკოლოგიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ორ ტერიტორიაზე იგეგმება. რა საფრთხეები არსებობს ამ კუთხით?

რაც შეეხება ეკოლოგიას, გონიოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია გადამფრენი ფრინველებისთვის და ის როგორ იქნება დაცული? არაფერი ამაზე არ თქმულა. კრწანისის ტყე-პარკი ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის ჰაერისთვის და ბევრი თბილისელის საყვარელი დასვენების ადგილია. ზოგადად, ასეთ დროს უნდა გაკეთდეს გარემოზე ზემოქმედების მრავალმხრივი და საფუძვლიანი დასკვნა.

Eagle Hills-ის მაკეტი

Eagle Hills-ის მაკეტი

ფოტო: Eagle Hills

ჩვენ, საქართველოში მივეჩვიეთ, რომ აქ ინვესტიციებს მაღალი სტანდარტების მქონე ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუციები ანხორციელებდნენ. ახლა სხვა ტიპის ინვესტორებთან გვაქვს საქმე — ევროპელი ინვესტორი და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს ინვესტორი სხვადასხვაა. განსხვავდება მათი სტანდარტები და მიდგომები. ეს Eagle Hills რომ რაღაცას აკეთებს და ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არის ამის გამკონტროლებელი, არაფრის გარანტიას არ გვაძლევს.

ასევე, საყურადღებოა, რომ თბილისში ამ ტერიტორიაზე დაკრძალული არიან საბჭოთა რეჟიმის რეპრესიის მსხვერპლები. მათ საფლავებზე ვინ იფიქრებს?

მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები პროექტის მშენებლობის პროცესში?

გავრცელებულ ვიდეორგოლში რა ციფრსაც ასახელებენ — რამდენი ფართობი გაყიდეს და რამდენი უცხოელი ჩამოსახლდება, ესეც არ არის პატარა ციფრი, თუმცა ამ ციფრებითაც არ ამბობენ როგორ იქნება პროექტი ეკონომიკურად მიზანშეწონილი. როგორც თბილისში ცვლიან გეგმებს, ამბობენ, რომ 5-სართულიან სახლს ავაშენებთო და მერე 9-სართულიანს აშენებენ — აქაც შეიძლება ასე მოხდეს. დაიწყონ 2,4 მლნ კვ/მ-ით და დაამთავრონ 10 მლნ-ით. შესაბამისად, იქ ძალიან დიდი მოსახლეობა მოხვდება და არანაირად ვართ დაცულები, რომ იქ მცხოვრებლებს განსაკუთრებულ პირობებს შეუქმნიან. იქამდეც შეიძლება მივიდეთ, რომ იქ საქართველოს კანონმდებლობა აღარც მოქმედებდეს.

ისინი რომ ამბობენ, სახელმწიფო დაიცავს ამ წესებსო — სახელმწიფო არაფერია თუ არა ის ადამიანები, რომლებიც მის უკან დგანან. მარტო ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში 316 000 ადამიანია საქართველოდან გასული, სულ მცირე, ნახევარ მილიონზე მეტი ცხოვრობს საზღვარგარეთ და ახლა ამ ადამიანებს ხმის უფლებას ართმევენ. როგორც ცვლიან გადაწყვეტილებებს, ასე შეცვლიან ამასაც.

სამშობლო ჩემია და ქვეყანა ჩემი აღარ არის — აი ასეთი შეგრძნება მაქვს, ჩემი ქვეყანა წაიღეს, ჩემი სახელმწიფო წაიღეს, მხოლოდ სამშობლო დამრჩა და "უსამშობლოს" მეძახიან იმ ადამიანს, რომელიც ამ სამშობლოსთვის ვიბრძვი.

თქვენ წერილი მისწერეთ საპატრიარქოს — სთხოვეთ, რომ Eagle hills-ის პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოეთხოვათ და საზოგადოებისთვის გაეცნოთ. რატომ მიმართეთ საპატრიარქოს ამ თხოვნით და არა, მაგალითად, რომელიმე სახელმწიფო უწყებას?

იქ არიან ისეთი ქართველები, როგორც ჩვენ ვართ და მგონია, რომ მათაც აინტერესებთ ეს საკითხი. განსაკუთრებული როლი იმიტომ მივანიჭე საპატრიარქოს და იმიტომ ვთხოვე ამ საკითხში ჩართვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და გავლენიანი ინსტიტუცია. ჩვენს აღქმულ ისტორიაში ყოფილა პრეცედენტი, როდესაც საპატრიარქოს როლი სხვადასხვა ხელისუფლებას გაუთვალისწინებია.

საუკუნეების მანძილზე საქართველოს საპატრიარქო იყო საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პარტნიორი. მე მათ ვთხოვე დახმარება იმიტომ, რომ ეს დე-ფაქტო ხელისუფლება აშკარაა, რომ არ გვისმენს. საზოგადოებამ შესაძლებლობა მივცეთ ძირძველ და ასიათასობით ჩვენი მოქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე ინსტიტუციას, რომ თავისი აზრი გამოხატონ და ჩვენ დამატებითი რესურსი გვქონდეს. თუ არაფერს გააკეთებენ, რა შეგვიშლის, რომ სხვა გზასაც დავადგეთ?

ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა საპატრიარქოსთვის, რომ დადგეს საკუთარი ერის გვერდით. მათ თავად იციან, როგორი ფორმით დადგებიან ხალხის გვერდით და ეს სრულიად მათი ნებაა. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს შეეძლება, აზრი გამოიტანოს მათი პასუხიდან გამომდინარე. აქვე დავამატებ, რომ მე არც კი მინდა მივმართო დე-ფაქტო ხელისუფლებას, რადგან მე ისინი არალეგიტიმურად და კონსტიტუციის დამრღვევად მიმაჩნია. მათ თავად მართებთ გამჭვირვალობაზე ზრუნვა.

მეტი Eagle Hills-ის პროექტზე: