როდესაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ და ყოველდღიურ საქმიანობაში ერთვებიან, ისინი გარკვეულ წესებს ემორჩილებიან. ამ წესებს სოციალური ნორმებიც შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს წესები შეიძლება იყოს: ნაცნობებთან შეხვედრისას კონკრეტული მისალმების ფორმა, სხვების საუბრისას მათთვის ხელის არ შეშლა, რიგში დგომა და უამრავი სხვა ქცევა.

სოციალური ნორმები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა კულტურასა და გეოგრაფიულ რეგიონებში. გარდა ამისა, ვიცით, რომ ეს წესები მნიშვნელოვნად შეიცვალა ისტორიის განმავლობაში, საზოგადოებების ევოლუციისა და ადამიანების ქცევის წარმმართველი ღირებულებების ცვლილების პარალელურად.

სტოკჰოლმის ინსტიტუტისა და შვედეთის სხვა ინსტიტუტების მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. ისინი იკვლევდნენ სოციალური ნორმების დროთა განმავლობაში ევოლუციას. მათ ასევე აინტერესებდათ სოციალურ ნორმებში არსებული მსგავსებები, რომლებიც მსოფლიოს 90 განსხვავებულ საზოგადოებაშია. ნაშრომი, რომელიც ჟურნალ communications Psychology-ში გამოქვეყნდა, საზოგადოებებში საერთო მახასიათებლებსა და ტენდენციებს ავლენს.

"ყოველ სოციალურ გარემოს, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, თან ახლავს დაუწერელი წესების ერთობლიობა იმის შესახებ, თუ რომელი ქცევა ითვლება შესაფერისად და შეუფერებლად. ეს ყოველდღიური ნორმები შეიძლება განსხვავდებოდეს საზოგადოებების მიხედვით: ზოგიერთ საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს უფრო თავისუფალი ნორმები, ზოგს კი პირიქით, უფრო მკაცრი", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა 90 სხვადასხვა საზოგადოებაში მცხოვრები 25 422 ადამიანი შეარჩიეს და ონლაინ კითხვარის შევსება სთხოვეს. გამოკითხვის ფარგლებში მათ ყოველდღიური 150 ქცევის შეფასება სთხოვეს იმის მიხედვით, თუ რამდენად მისაღებად ან მიუღებლად აღიქვამდნენ მათ კონკრეტულ სიტუაციებში.

შემდეგ მკვლევრებმა გააანალიზეს შეგროვებული მონაცემები და სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის მიერ მოწოდებული პასუხები ერთმანეთს შეადარეს. გარდა ამისა, მათ 20 წლის წინ ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების პასუხებიც შეადარეს თანამედროვე მონაცემებს — ამით მკვლევრებს სურდათ გაერკვიათ, თუ როგორ შეიცვალა სოციალური ნორმები დროთა განმავლობაში.

კვლევის თანახმად, სოციალური ნორმების ახსნა შესაძლებელია იმით, თუ რამდენად ანიჭებენ საზოგადოებები უპირატესობას სხვადასხვა მორალურ ღირებულებებს. ზოგიერთი საზოგადოება უპირატესობას ანიჭებს ისეთ ღირებულებებს, რომლებიც ფოკუსირებულია ინდივიდებისა და მათი უფლებების დაცვაზე, მაშინ როდესაც სხვები უფრო მეტად ჯგუფურ ერთიანობასა და სიწმინდეებზეა ორიენტირებული.

საზოგადოებებში, რომლებშიც ინდივიდუალიზმი უფრო ძლიერია, ინდივიდები (ზოგადად) უფრო თავისუფალი ქცევებით გამოირჩევიან და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ე.წ. "წმინდა წესების" დაცვას. მეორე მხრივ, ასეთ საზოგადოებებში უფრო მკაცრები არიან იმ ქცევების მიმართ, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში ზიანს აყენებს სხვებს. მონაცემების შედარებით, რომელიც 20 წლის წინ შეაგროვეს, ჩანს, რომ მთელს მსოფლიოში ნორმები ზოგადად უფრო მომთმენი ხდება, მაგრამ ყველაზე "უზნეო" და დაუდევარ ქცევებზე წესები კვლავ მკაცრია.

კვლევამ გამოავლინა კონკრეტული კანონზომიერებები იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება სოციალური ნორმები სხვადასხვა საზოგადოებაში და როგორ ხდება ეს დროთა განმავლობაში. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სოციალური ნორმები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი გახდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.