მილიონი წლის წინანდელ თავის ქალას ადამიანის წარმოშობის ისტორიის გადაწერა შეუძლია — კვლევა
ფოტო: Guanghui Zhao
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ჰომო საპიენსი და ნეანდერტალელი თავიანთი ბოლო საერთო წინაპრისგან დაახლოებით 600 000 წლის წინ განცალკევდნენ.
და, აი, ახლა ჩინეთში აღმოჩენილი მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა ამ შეხედულებას ცვლის. ეს თავის ქალა ადამიანის გადაშენებულ სახეობას, დენისოველს ეკუთვნის. თავის ქალას კვლევის თანახმად, ჩვენი სახეობა მონათესავე სახეობებისგან მილიონი წლის წინ უკვე განცალკევებული იყო.
თავის ქალა, სახელად Yunxian 2, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, 1990 წელს აღმოაჩინეს. მთელი ეს პერიოდი, თავის ქალა მკვლევრებში დაბნეულობას იწვევდა. ასაკისა და თავის ტვინის ღრუს ფორმის გამო, მას ზოგი მეცნიერი ჰომო ერექტუსს მიაკუთვნებდა.
CT-სკანირებისა და ციფრული რეკონსტრუქციის ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალმა კვლევამ შეძლო თავის ქალას დეფექტების აღდგენა და სრული მოდელის შექმნა. კვლევამ აჩვენა, რომ Yunxian 2-ს მოზაიკური თვისებები აქვს: თავის ქალას ზოგი მახასიათებელი ნაკლებად განვითარებულ ჰომო ერექტუსთანაა თანხვედრაში, ზოგი კი მიანიშნებს, რომ თავის ქალა ჰომო საპიენსისაა.
მკვლევრები თავის ქალას 500 ანატომიურ ნიშანს დააკვირდნენ და ისინი სხვა ნამარხებს შეადარეს. შედეგად, გაირკვა, რომ Yunxian 2 ჰომო ლონგის ჯგუფს მიეკუთვნება. სავარაუდოდ, თავის ქალას მფლობელი არ იყო დენისოველი და ის მიეკუთვნებოდა იმ სახეობას, საიდანაც შემდგომში დენისოველი განვითარდა.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ დენისოველი და ნეანდერტალელი ერთმანეთის უახლოესი ნათესავები (sister lineages) იყვნენ. ახალი კვლევის თანახმად, ჰომო ლონგის ჯგუფი ჰომო საპიენსის უახლოესი ნათესავია.
"რადგან Yunxian 2 მილიონი წლის წინანდელია, ეს ნიშნავს, რომ ჰომო ლონგის ჯგუფი მინიმუმ ამდენივე წლისაა. შესაბამისად, ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელის წინაპრების განტოტვაც ამ დროს უნდა მომხდარიყო", — განუცხადა კვლევის ავტორმა, პროფესორმა კრის სტრინგერმა IFLScience-ს.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინაპრები სხვა სახეობებს ერთი მილიონი წლის წინ გამოეყვნენ. ესე იგი, პროცესი 400 000 წლით უფრო ადრე მოხდა, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ჰომო ლონგის ჯგუფი 850 000 წლის წინანდელი ნამარხებითაა ცნობილი, რომლებიც ძირითადად თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე გვხვდება. უკვე ამის შემდეგ, ეს სახეობა ევრაზიის ტერიტორიაზე გავრცელდა. შესაბამისად, შესაძლოა, ჰომო ლონგი აფრიკაში არ გაჩენილიყო.
"ადრე მიგვაჩნდა, რომ ადრეული ჰომინიდების განტოტვა აფრიკაში მოხდა. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჰომო ლონგის ჯგუფის ადრეული წარმომადგენლები უკვე ევრაზიის სხვადასხვა ნაწილში არსებობდნენ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ცხოვრობდა თუ არა ყველა ამ სახეობის საერთო წინაპარი აფრიკის გარეთ?", — ამბობს სტრინგერი.
მიიჩნევა, რომ ჰომო საპიენსი აფრიკაში გაჩნდა, თუმცა სტრინგერი არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ ჩვენი სახეობა ისეთი ჰომინიდისგან წარმოიშვა, რომელიც კონტინენტზე ხელახლა შემოვიდა ევრაზიაში ჩვენი მონათესავე შტოებიდან განშორების შემდეგ.
ნაშრომი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები