ახალი კვლევის ფარგლებში ასტრონომებმა მარსის შიგნით უჩვეულო გეოლოგიური წარმონაქმნების კვალს მიაგნეს. შესაძლოა, ეს ადრეულ მზის სისტემაში არსებული პროტოპლანეტების ნარჩენები იყოს, რომლებიც ჩვენი მეზობელი ციური სხეულის წიაღმა მილიარდობით წლის განმავლობაში შემოინახა.

მათზე მინიშნებებს მეცნიერებმა NASA-ს აპარატ InSight-ის მიერ დაფიქსირებული სეისმური ტალღების ანალიზის გზით მიაკვლიეს. ამ ტალღებმა მარსის ზედაპირის ქვეშ გადაადგილებისას ათობით საინტერესო შიდა სტრუქტურა გამოავლინა, რომლებიც 4 კილომეტრამდე ზომისაა. ისინი მანტიაშია მოქცეული, რომელიც 1550 კილომეტრ სიღრმემდე ვრცელდება და 1500°C-მდე ტემპერატურა აქვს.

ამ გეოლოგიური მასების სიღრმისა და ზომის მიხედვით ვარაუდობენ, რომ ისინი 4.5 მილიარდი წლის წინ მარსთან სხვა ობიექტების შეჯახებამ წარმოქმნა. ზოგიერთი მათგანი პროტოპლანეტა უნდა ყოფილიყო, ანუ ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი პლანეტა. ამ სტრუქტურების არსებობაზე მეცნიერებს ისეთმა არეალებმა მიანიშნა, რომელთა მიმდებარედაც სეისმური ტალღები შედარებით ნელა მოძრაობდა. იქ ჩვეულებრივზე მაღალი სიმკვრივის მქონე მატერია აღმოჩნდა, საიდანაც ივარაუდეს, რომ ის ამ ადგილებში არ წარმოქმნილა.

ფოტო: NASA/JPL-Caltech

საქმე ისაა, რომ მარსზე ფილების ტექტონიკა არ გვხვდება, როგორც დედამიწაზე, არამედ წითელ პლანეტას ერთი ფილა აქვს. შესაბამისად, მისი მანტია უძრავია და მთლიანად არ დნება. ამის გამო ის ერთგვაროვანი უნდა იყოს, მაგრამ ახლახან იდენტიფიცირებული მასები ამ კანონზომიერებას არღვევს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მარსის წიაღი აქტიური არაა — სხვაგვარად ასეთი უძველესი ფრაგმენტები დღემდე ვერ მოაღწევდა.

ალბათ, გაგიჩნდებოდათ კითხვა: თუ მარსზე ტექტონიკური აქტიურობა არაა, მაშინ რა იწვევს სეისმურ ბიძგებს? მიზეზი მეწყრები, ზედაპირზე ნაპრალების გაჩენა და მეტეორიტებთან შეჯახებაა. აწ უკვე დასრულებული მისიის განმავლობაში InSight-მა 1319-მდე ასეთი "მარსძვრა" დააფიქსირა და მეცნიერებმა მათი მეშვეობით ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინეს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.