ასტრონომებმა სასიცოცხლო ზონაში ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურეს

ფოტო: Gabriel Pérez Díaz, SMM/IAC
ასტრონომებმა ჩვენგან მხოლოდ 20 სინათლის წლის მანძილზე სიცოცხლისთვის თავსებადი ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურეს. ის HD 20794 d-ს სახელითაა ცნობილი, დედამიწაზე თითქმის 6-ჯერ მასიურია და მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მცირე დისტანციაზე მოძრაობს. ეს ციური სხეული ისეთ ზონაში გადაადგილდება, სადაც წყლის თხევადი სახით შესანარჩუნებლად საჭირო პირობებია.
მართალია, სიცოცხლესთან თავსებადობას HD 20794 d-ს ზოგიერთი მახასიათებელი კითხვისნიშანის ქვეშ აყენებს, თუმცა ეს მიგნება მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი ამბობენ, რომ თავდაპირველად მოპოვებული სიგნალი სპექტროგრაფის მიერ დაფიქსირებადი დიაპაზონის ზღვარზე იყო, ამიტომ დარწმუნებით ვერ ამბობდნენ, მართლაც ეგზოპლანეტასთან ჰქონდათ საქმე თუ — არა. ახლა ვიცით, რომ ის რეალურია, თანაც ასე ახლოს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მის უკეთ შესასწავლად სამომავლო მისიაზეც ვიფიქროთ.
სიცოცხლის ხელშემწყობი ყველა კომპონენტის შესახებ ცნობები არ გვაქვს, მაგრამ დედამიწის მაგალითზე ვიცით, რომ აქაურ სიცოცხლეს წყალი ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, ეს ნაერთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. წყალი თხევადი სახით ვარსკვლავის გარშემო კონკრეტულ ზონაში შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან ის ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარეა და ფორმას იცვლის (იყინება, ორთქლდება).
მნათობი HD 20794 მზისნაირი ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია, თუმცა შედარებით ხნიერი და პატარა. მისი სიძველე ნიშნავს, რომ ამ სისტემაში არსებულ ეგზოპლანეტებს სტაბილურობის მისაღწევად საკმარისი დრო ჰქონდათ. 2011 წელს იქ ასეთი სამი ეგზოპლანეტის გრავიტაციული კვალი დააფიქსირეს, 2022-ში კი HD 20794 d-ს სიგნალი მიიღეს. ის ზედმეტად არამკაფიო იყო, ამიტომ მეტის გასაგებად მათ ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ხელსაწყო ESPRESSO გამოიყენეს.
შედეგად, HD 20794 d-ს არსებობა დადასტურდა. გავიგეთ, რომ მისი მასა დედამიწისას მინიმუმ 5.82-ჯერ აღემატება, რადიუსი კი — 1.7-დან 2.1-ჯერ. ეგზოპლანეტა საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას დაახლოებით 648 დღეს ანდომებს.
რაც შეეხება კითხვისნიშანებს — HD 20794 d-ს ტრაექტორია ელიფსურია, ამიტომ ყოველთვის სასიცოცხლო ზონაში არ მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ ელიფსის შორეულ წერტილზე მიღწევისას ის ვარსკვლავს იმ მანძილზე შორდება, რომ წყლის გაყინვაა მოსალოდნელი. ვინაიდან არ ვიცით მისი ზუსტი რადიუსი, უცნობია სიმკვრივეც, ანუ შედგენილობის მთავარი ინდიკატორი.
თუ მისი რადიუსი შედარებით მცირეა, მაშინ შესაძლებელია, რომ ობიექტი მყარი და დედამიწის მსგავსად კლდოვანი სტრუქტურის იყოს. თუ დიდია, უფრო მეტია შანსი, რომ საქმე აირისგან შედგენილ ეგზოპლანეტასთან გვქონდეს, რომელიც ე.წ. მინი-ნეპტუნის ტიპისაა. ეს სიცოცხლესთან თავსებადობის მოლოდინებს შეცვლის, ამიტომ დასკვნების გამოსატანად დამატებითი მონაცემები გვჭირდება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები