ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის სახე მისი სახელის მიხედვით იცვლება
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შესაძლოა, ადამიანთა სახეები მათ სახელებთან დაკავშირებული სტერეოტიპების მიხედვით იცვლებოდეს.
სპეციალისტებს იმის გარკვევა სურდათ, მშობლები ბავშვების სახელებს მათ ფიზიკურ მახასიათებლებს უსადაგებენ, თუ თავად მეორე ერგება პირველს დროთა განმავლობაში. ამის გასაგებად 9-10 წლის მოზარდებსა და ზრდასრულ ინდივიდებს სთხოვეს, სახელები და სახეები ერთმანეთთან დაეწყვილებინათ.
აღმოჩნდა, რომ ორივე ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლებმა ეს სწორად შეძლეს მაშინ, როცა მათ წინ უკვე მოზრდილი ადამიანის გამოსახულება იყო. აღსანიშნავია, რომ გამოცნობის ასეთი მაჩვენებელი უბრალო შემთხვევითობის მოსალოდნელ ნიშნულს საგრძნობლად აღემატებოდა. სამაგიეროდ, კვლევაში მონაწილეებს ბავშვების სახეებისა და სახელების ერთმანეთთან მისადაგება გაუჭირდათ.
მეორე ეტაპზე სპეციალისტებმა ადამიანთა სახეების მონაცემთა ბაზა უკვე მანქანური დასწავლის მოდელში გადაიტანეს. კომპიუტერმა დააფიქსირა, რომ ერთი და იმავე სახელის მქონე ზრდასრულების ვიზუალი საკმაოდ მსგავსი იყო, ვიდრე სხვადასხვა სახელის მქონეთა სახეები. ბავშვებში იგივე ტენდენცია არ გამოვლენილა.
ავტორები ასკვნიან, რომ ადამიანის სახისა და სახელის კავშირი ე.წ. თვითშესრულებადი პროგნოზის შედეგია. მათი თქმით, სახის მახასიათებლები დიდი ხნის განმავლობაში ისე იცვლება, რომ კონკრეტულ სახელთან ასოცირებულ სოციალურ სტერეოტიპთან მოვიდეს შესაბამისობაში.
ასეთი სტერეოტიპის ჩამოყალიბება მრავალმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს, მაგალითად იმ სახელის მქონე ცნობილი ადამიანის ვიზუალმა. ეს გარკვეული სოციალური მოლოდინებისა და ერთგვარი სტრუქტურის არსებობაზე მიანიშნებს, რომელიც მეცნიერებმა ემპირიულად გამოცადეს. ასევე, კვლევა ადასტურებს, რომ, წარმომავლობისა თუ სქესის გარდა, სხვადასხვა გარემოებას ჩვენზე დიდი გავლენა აქვს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები