ოზონდამშლელი ნივთიერებების რაოდენობა მოსალოდნელზე სწრაფად იკლებს
"მნიშვნელოვანი გლობალური წარმატება" — ასე აფასებენ მეცნიერები დედამიწის ოზონის შრის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებს. ეს იმიტომ, რომ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია მოსალოდნელზე სწრაფად იკლებს, რაც ძალიან კარგი ამბავია.
უკანასკნელ ათწლეულებში ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცირებას კანონის დონეზე ცვლილებებს უნდა ვუმადლოდეთ. ამ მხრივ წყალგამყოფი 1989 წელი აღმოჩნდა, როცა ძალაში მონრეალის პროტოკოლი შევიდა, საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ხელი 1987 წელს მოეწერა. მისი წყალობით სხვადასხვა დანადგარსა თუ მოწყობილობაში მავნე ნაერთების გამოყენება აიკრძალა.
ასევე, იხილეთ: ოზონის შრე — როგორ ვიცავთ იმას, რაც თავად გვიცავს
ახალი კვლევით დადგინდა, რომ ატმოსფეროში ჰიდროქლოროფთოროკარბონებთან დაკავშირებულმა რადიაციულმა ფორსირებამ და მისმა თანმდევმა ქლორმა 2021 წლიდან საგრძნობლად იკლო. პროგნოზების მიხედვით, მსგავსი რამ 5 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, რაც ნიშნავს, რომ პროცესი უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
"ეს მნიშვნელოვანი გლობალური წარმატებაა. ვხედავთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ", — აცხადებენ სპეციალისტები.
მთელს მსოფლიოში ყველაზე მავნე ოზონდამშლელი ნივთიერებები 2010 წლიდან აიკრძალა, რათა ოზონის შრე აღდგენილიყო, რომელიც მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან გვიცავს. მოსალოდნელია, რომ ჰიდროქლოროფთოროკარბონების მოხმარება, რომლებითაც ისინი ჩაანაცვლეს, 2040 წლისთვის სრულად შეწყდება.
მეცნიერებმა ამ აირების კონცენტრაციის შესასწავლად პროექტ AGAGE-სა და აშშ-ის ატმოსფერული და ოკეანური კვლევების სახელმწიფო ადმინისტრაციის მონაცემები გააანალიზეს. შედეგად გამოვლენილ სწრაფი კლების ტენდენციას ისინი სწორედ მონრეალის პროტოკოლის ეფექტიანობას უკავშირებენ. ასევე, მკაცრ სახელმწიფო რეგულაციებსა და ინდუსტრიულ ცვლილებებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერებები სათბურის ეფექტსაც აძლიერებს, ანუ მათი დონის შემცირება გლობალურ დათბობასთან შეწინააღმდეგებაშიც დაგვეხმარება. ატმოსფეროდან ამ აირების მცირე პერიოდში ერთბაშად გაქრობა შეუძლებელია, რადგან ისინი ათეულობით წელი ნარჩუნდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მიღწევადია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Climate Change გამოქვეყნდა.
კომენტარები