ილონ მასკი OpenAI-ს აღარ უჩივის — რა ხდება
ილონ მასკი კომპანია OpenAI-სა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანის, წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს აუქმებს. მასკი კომპანიას კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებდა, რომელიც ფორმალურად არც იყო დადებული. CNBC-ს მიხედვით, საქმე დახურულია, თუმცა მოსარჩლეს შეუძლია, მომავალში დავა ისევ განაახლოს.
მასკმა სარჩელი თებერვალში შეიტანა კალიფორნიის სასამართლოში, ახლა კი განაცხადი გააუქმა. ეს ჩანიშნულ მოსმენაზე ერთი დღით ადრე გააკეთა, სანამ მოსამართლე OpenAI-ს მხრიდან სარჩლის უარყოფის მოთხოვნას განიხილავდა. წინა დღით მასკმა ისიც განაცხადა, რომ თავის კომპანიებში Apple-ის მოწყობილობების გამოყენებას აკრძალავდა, თუკი ეს კომპანია OpenAI-ს ტექნოლოგიას ოპერაციული სისტემის დონეზე დანერგავდა პროდუქტებში.
იხილეთ: მასკი იმუქრება, რომ თავის კომპანიებში Apple-ის მოწყობილობების გამოყენებას აკრძალავს
მასკი ჩიოდა, რომ OpenAI-მ მასთან და სხვა დამფუძნებლებთან დადებული შეთანხმება დაარღვია. ამ შეთანხმების მიხედვით, OpenAI არაკომერციული უნდა ყოფილიყო და თავისი ტექნოლოგიის საწყისი პროგრამა საჯარო დაეტოვებინა.
ნილაი პატელის, ბლოგერისა და The Verge-ის მთავარი რედაქტორის, აზრით, მასკის სარჩელში არაერთი პრობლემა იყო:
"მასკი პირდაპირ ამტკიცებს, რომ OpenAI-მ არარსებული კონტაქტის პირობები დაარღვია. ეს უბრალოდ ასე არ ხდება! სარჩელში "დაფუძნების შეთანხმებაა" ნახსენები, თუმცა მსგავსი განაცხადი წარმოდგენილი არაა, კონტრაქტის დარღვევის მტკიცება კი იმას ააშკარავებს, რომ "დაფუძნების შეთანხმება" უბრალოდ შთაბეჭდილებაა, რომელიც მეილებიდან დარჩათ".
მას შემდეგ, რაც მასკმა სარჩელი წარადგინა, OpenAI-მ მისი მტკიცებები მალევე უარყო. კომპანიის განცხადებით, მილიარდერს კომპანიის "აბსოლუტური კონტროლი" სურდა Tesla-სთან მისი გაერთიანებით. OpenAI-მ განაცხადა ისიც, რომ მასკთან "არანაირი შეთანხმება" არ დადებულა.
ასევე იხილეთ: OpenAI-მ მასკთან მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ მას კომპანიის კონტროლი სურდა
ცნობისთვის, გასულ წელს მასკმა თავისივე AI კომპანია დააფუძნა, სახელად xAI. სტარტაპმა ჩატბოტი Grok AI შექმნა, რომელიც X Premium-ის გამოწერის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. xAI-მ მას შემდეგ $6 მილიარდი მოიზიდა ინვესტორებისგან, რათა AI სისტემის მუშაობისათვის საჭირო ძვირიანი ჩიპები შეეძინა.
გასულ კვირაში შევიტყვეთ, რომ, მეილების მიხედვით, მასკმა NVIDIA-ს ათასობით H100 AI ჩიპი გაუგზავნა X-ს, როცა ესენი თავიდან Tesla-სათვის იყო განკუთვნილი.
კომენტარები