iOS 18-ს Apple-ის ხელოვნურ ინტელექტზე (Apple Intelligence) მომუშავე ფუნქციები ემატება. ახალ iOS-ში ვიხილავთ ChatGPT-საც, რომელიც წერითი საქმის შესრულებასა თუ სურათების გენერირებაში დაგვეხმარება. შესაძლებელი იქნება ისიც, რომ, მაგალითად, Siri-სათვის დასმული შეკითხვები ChatGPT-ს გადავცეთ.

ასევე იხილეთ: 10 ყველაზე დიდი სიახლე, რომლებიც Apple-ის კონფერენციიდან გავიგეთ

ილონ მასკმა სიახლეების შესახებ შეიტყო და ფიქრობს, რომ iOS 18-ში OpenAI-ს ინტეგრაცია "უსაფრთხოების დაუშვებელი დარღვევაა". იგი იმუქრება, რომ თავის კომპანიებში (მათ შორისაა Tesla, SpaceX და X) Apple-ის მოწყობილობების გამოყენებას აკრძალავს.

მასკის თქმით, კომპანიებში სტუმრობისას ვიზიტორებმა Apple-ის მობილურები უნდა ჩააბარონ, ეს მოწყობილობები კი ფარადეის გალიაში შეინახება.

///

დაზუსტებული არაა, მასკმა Apple-ის ღონისძიებას უყურა თუ ამის გარეშე გადაწყვიტა რეაგირება. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ იგი xAI-ს მართავს — OpenAI-ს პირდაპირ კონკურენტს.

ChatGPT მართლაც საფუძვლიანადაა ინტეგრირებული iOS 18-ში, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებელი მკაფიოდ გასცემს ნებართვას. მოხერხებული წვდომის გარდა, დიდი განსხვავება არაა, App Store-იდან გადმოვწერთ ChatGPT-ს თუ Siri-დან გამოვიყენებთ მას.

უსაფრთხოების კუთხით, ალბათ, Apple-ის სისტემის გამოყენება უმჯობესი იქნება, ნაცვლად პირდაპირ ChatGPT-ს აპლიკაციისა. ეს იმიტომ, რომ, Apple-ის მტკიცებით, ყველა შეკითხვა წინასგან დამოუკიდებლად დამუშავდება, მინიმალური მონაცემი გაზიარდება და არანაირი ინფორმაცია არ შეინახება.

მომხმარებლებისთვის შესაძლებელია, ChatGPT-ს ფუნქციებით iOS-ის შიგნითვე ისარგებლონ უფასო ChatGPT-4o ვერსიით ან ChatGPT Plus გამოიწერონ და საკუთარ ანგარიშში შევიდნენ.

Apple-ის განცხადებით, სამომავლოდ მესამე მხარის AI პროვაიდერების ინტეგრაციაც იგეგმება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.