OpenAI-მ მასკთან მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ მას კომპანიის კონტროლი სურდა
გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი OpenAI-ს უჩივის. მასკი ამტკიცებს, რომ ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია ძველ შეთანხმებას არღვევს და მომგებიან ბიზნესზე გადადის.
მასკი ითხოვს, რომ კომპანია კვლავ არაკომერციული გახდეს. ეს ნიშნავს, რომ OpenAI-ს პროდუქტი უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
საპასუხოდ, OpenAI-მ მასკთან მიმოწერა გაასაჯაროვა.
OpenAI-ს პასუხი ნამდვილად საყურადღებოა, რადგან ის შეიცავს მასკის რამდენიმე მეილს, სადაც ჩანს, რომ მილიარდერმა იცოდა კომპანიის გეგმების შესახებ. მეტიც, მიმოწერის თანახმად, მასკი კომპანიას Tesla-სთან გაერთიანებას სთავაზობდა. ერთი კონკრეტული მეილის თანახმად, მასკმა იცის, რომ კომპანია მოგებაზე მუშაობას დაიწყებს და ის ამას არ ეწინააღმდეგება.
OpenAI-ს განცხადება ბლოგ-პოსტზე გამოქვეყნდა, რომლის ავტორები არიან თანადამფუძნებლები სემ ალტმანი, გრეგ ბროკმანი, ილია სუცკევერი, ჯონ შულმანი და ვოიცეჩ ზარემბა. OpenAI ირწმუნება, რომ მასკს კომპანიის "სრული კონტროლი" სურდა.
"როდესაც საქმე ეხებოდა კომპანიის მომავალს, მასკს სურდა, რომ Tesla-სთან გავერთიანებულიყავით. საერთო ჯამში, მას კომპანიის სრულად კონტროლი სურდა. საბოლოოდ, მან დაგვტოვა და გვითხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ დაგვეხმარებოდა", — აღნიშნულია პოსტში.
პოსტის მიხედვით, მასკმა დატოვა OpenAI და საკუთარი AGI-ს (ხელოვნური ზოგადი ინტელექტის) შექმნა გადაწყვიტა. მასკმა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პროექტი 2023 წლის ნოემბერში მართლაც წამოიწყო.
კომენტარები