როგორ მოქმედებს კოფეინი ჭიანჭველებზე — კვლევა
არგენტინულ ჭიანჭველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინის გამოყენებით მწერების "ხაფანგში შეტყუება" მნიშვნელოვნად ადვილდება. ამ დეტალმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ისეთი მწერების წინააღმდეგ, რომლებზეც სატყუარები იშვიათად მოქმედებს.
კოფეინის პოტენციური სარგებელი მავნებლების წინააღმდეგ
"ჩვენ გვსურდა ჭიანჭველებს რაც შეიძლება მეტი შხამი მიეღოთ. კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ შხამში კოფეინის გარევით, მწერები საწამლავს უფრო დიდი რაოდენობით იღებდნენ", — თქვა ჰენრიკე გალანტემ, ბიოლოგმა და კვლევის ავტორმა.
არგენტინული ჭიანჭველა ერთ-ერთ ყველაზე დიდ მავნებლად ითვლება. ეს არსება საფრთხეს უქმნის როგორც ეკოლოგიას, ისე ეკონომიკას. ამ ჭიანჭველებისგან თავის დასაცავი ტრადიციული მეთოდები, უპირველეს ყოვლისა შხამიანი სატყუარა, ხშირად ვერ ამართლებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჭიანჭველა სატყუარას ნაკლებად ეტანება. გარდა ამისა, ჭიანჭველა სატყუარას მალევე ივიწყებს და იქ არც თავისი ბუდის წევრები მიჰყავს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ კოფეინის შხამში დამატებით ჭიანჭველა უფრო იმახსოვრებს ადგილს და იქ ბუდის წევრებიც მიჰყავს.
"რაც უფრო სწრაფად და ზუსტად იმოძრავებს ჭიანჭველა, მით უფრო მალე დაბრუნდება ბუდეში. შესაბამისად, მალევე მიიყვანს სატყუარასთან სხვა ჭიანჭველებს. ასე მწერები შხამს ბევრად სწრაფად გაავრცელებენ", — თქვა გალანტემ.
კვლევის მეთოდოლოგია
მკვლევრებმა ექსპერიმენტი ლაბორატორიულ პირობებში ჩაატარეს. რაც უფრო მეტ კოფეინს იღებდა ჭიანჭველა, მით უფრო სწრაფად მოძრაობდა ის. შესაბამისად, ინფორმაციის მიტანა ასეთ ჭიანჭველას უფრო მალე შეეძლო.
რაც ყველაზე საინტერესოა, ჭიანჭველებმა, რომლებმაც კოფეინი მიიღეს, ადგილი უკეთ დაიმახსოვრეს. კოფეინის მიღების შემდეგ დამახსოვრების მაჩვენებელი 38%-ით გაიზარდა.
საინტერესო იყო ისიც, რომ ზოგიერთი ჭიანჭველა ისევ ჩვეულებრივი სიჩქარით მოძრაობდა, მაგრამ ამჯერად მათ უფრო ზუსტად იცოდნენ თუ სად მიდიოდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ადგილს უკეთ იმახსოვრებდნენ. შედეგად ჭიანჭველები ბუდეს უფრო მარტივად აგნებდნენ.
კვლევა ჟურნალ iscience-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები