დენვერის პოლიცია 911-ის სისტემაში დრონების გამოყენებას გეგმავს
დენვერის პოლიციის დეპარტამენტი 911-ის სისტემაში დრონების გამოყენებას გეგმავს. The Denver Post-ის ინფორმაციით, დრონებს პირველადი დახმარების სისტემაში ჩართავენ.
სხვა პოლიციის დანაყოფების მსგავსად, აშშ-ში დენვერის სამართალდამცავი ორგანოები დრონებს გარკვეული ამოცანებისთვის უკვე იყენებენ, მაგრამ ახლა ტექნოლოგიას სასწრაფო რეაგირების მხრივაც გამოიყენებენ.
ეს ბევრ შეკითხვას აჩენს, მათ შორის იმას, თუ რამდენად სასურველია, რომ ავარიის ადგილას პირველი დრონი "გამოცხადდეს". დენვერის პოლიციაში მიაჩნიათ, რომ ოპტიმალური ვარიანტი სწორედ ეს არის.
"ეს მომავალია და მას სამართალდამცავი სისტემები აუცილებლად გამოიყენებენ", — განუცხადა Post-ს სერჟანტმა ჯერემია გეითსმა.
რისკები
დენვერის პოლიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ დრონებით ბევრად უფრო სწრაფად განსაზღვრავენ იმას, თუ სად უნდა გააგზავნონ პოლიციის ეკიპაჟი და სად არა.
”ეს რესურსების დაზოგვაა. ადგილზე ეკიპაჟის გაგზავნამდე, ჩვენ ზუსტად გვეცოდინება თუ რა მდგომარეობაა იქ", — ამბობენ დენვერის პოლიციაში.
თუმცა, ეს სხვა შეკითხვებსაც აჩენს. მაგალითად, დაირღვევა თუ არა ამით ადამიანების პირადი სივრცე.
"იმ შემთხვევაში თუ ყველგან კამერებით აღჭურვილი დრონები იფრენს, რამდენად დაცული იქნება ჩვენი პირადი სივრცე", — განაცხადა კოლორადოს ამერიკული სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის ადვოკატმა, ლორა მორაფმა.
მორაფის თქმით, ეს დისტოპიურ მომავალს ჰგავს, სადაც დიდი ძმა პოლიციაა, რომელიც ყველგანაა და ყველაფერს ხედავს.
კომენტარები