მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ორი მამრის დნმ-დან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს.
ეს ნიშნავს, რომ მომავალში ორ მამრს, მდედრის დნმ-ის გამოყენების გარეშე, შეიძლება ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს.
როგორც ნაშრომშია აღნიშნული, მიღწევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და აუტოსომური დარღვევების მქონე ადამიანებსაც დაეხმარება.
საინტერესო ისიცაა, რომ ასე დაბადებული თაგვები არა მხოლოდ ჯანმრთელები იყვნენ, არამედ მათ თავადაც შეძლეს შთამომავლობის წარმოება.
მამრობითი დნმ-ის რეპროგრამირების პროცესი
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი მამრი თაგვების კანის უჯრედების ინდუცირებულ პლურიპოტენტურ ღეროვან (iPS) უჯრედებში რეპროგრამირებით დაიწყო. ამ პროცესის მეშვეობით, უჯრედებში XY სქესის ქრომოსომა XX ქრომოსომად გარდაიქმნა.
ამის შემდეგ, უჯრედები მოთავსდა ორგანოიდში, რომელიც თაგვის საკვერცხის იმიტირებისთვის შექმნეს. საბოლოოდ, მამრი თაგვების სპერმა განაყოფიერებისთვის გამოიყენეს და შედეგად 7 ახალი თაგვი დაიბადა.
კვლევის ავტორმა კაცუჰიკო ჰაიაშიმ The Guardian-ს განუცხადა, რომ მთავარი "სირთულე" X ქრომოსომას დუბლირება იყო. შედეგად, შვიდი უნიკალური თაგვი გაჩნდა და მათ ნაყოფიერებამდეც მიაღწიეს.
ამჟამად გუნდი მამაკაცების კანის უჯრედებისგან კვერცხუჯრედების შექმნაზე მუშაობს.
"მოსალოდნელია, რომ ადამიანებში ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდება. შესაძლოა, ამისთვის 10 წელი ან მეტი დაგვჭირდეს", — თქვა ჰაიაშიმ.
კომენტარები