ალცჰაიმერი ჯერჯერობით არ იკურნება, მაგრამ მისი ნაადრევი დიაგნოსტირება მდგომარეობის გაკონტროლებასა და დაავადების პროგრესირების შენელებაში გვეხმარება. ამის საშუალება, შესაძლოა, ახალმა ხელოვნურმა ინტელექტმა მოგვცეს, რომელიც ამ ნეიროდეგენერაციულ დარღვევას რამდენიმე წლით ადრე ავლენს.

კალიფორნიისა და სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა AI მოდელი პაციენტთა 5 მილიონზე მეტ კლინიკურ ჩანაწერზე გაწვრთნეს, რათა მას ალცჰაიმერთან დაკავშირებული ინდიკატორები დაეფიქსირებინა. სისტემა იდეალური არაა, მაგრამ როცა ის იმ ადამიანების მონაცემებზე გამოცადეს, რომლებსაც მოგვიანებით ალცჰაიმერი დაუდასტურდათ, იმედის მომცემი შედეგი მიიღეს. AI-მ დაავადების პროგნოზირება შემთხვევების 72%-ში შეძლო, თანაც სიმპტომების გაჩენამდე 7 წლით ადრე გაკეთებული კლინიკური ჩანაწერების მიხედვითაც კი.

ამ ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპი ასეთია: ის სხვადასხვა რისკ-ფაქტორს აერთიანებს, რათა გამოითვალოს, რამდენადაა შანსი, რომ კონკრეტულ ადამიანს ალცჰაიმერი გამოუვლინდეს. მსგავსი ტექნოლოგია არა მხოლოდ დროული დიაგნოსტირებისთვისაა გამოსადეგი, არამედ დაავადების გამომწვევი ბიოლოგიური ფაქტორების შესწავლის საშუალებასაც იძლევა.

მაგალითად, სისტემა ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემაზე კონცენტრირდა, რომელიც შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკზე მიუთითებდეს. მათ შორისაა სისხლის მაღალი წნევა, ჭარბი ქოლესტერინი, ვიტამინ D-ს ნაკლებობა და დეპრესია. კაცებში ერექციული დისფუნქცია და პროსტატის გადიდება, ქალებში კი — ოსტეოპოროზი. დადგინდა ისიც, რომ ოსტეოპოროზს, ალცჰაიმერსა და გენ MS4A6A-ის ვარიანტს შორის გარკვეული კავშირია.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემების მქონე ინდივიდებს დემენცია აუცილებლად ჩამოუყალიბდებათ, მაგრამ AI მათ საყურადღებო ინდიკატორების სახით იყენებს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Aging გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.