მეცნიერები დედამიწის გასაგრილებლად სტრატოსფეროს გაშრობაზე ფიქრობენ
ამის განხორციელება ჯერჯერობით არ იგეგმება.
მეცნიერების აზრით, პლანეტის გაგრილებაში ნაწილობრივ, თუმცა არა მნიშვნელოვნად, შეიძლება სტრატოსფეროს გამოშრობაც დაგვეხმაროს. ამის გაკეთებას ჯერჯერობით არავინ აპირებს — ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) მკვლევრები მხოლოდ და მხოლოდ ახალ სტრატეგიას გვაცნობენ.
მათი უწყებით, აღსრულების შემთხვევაში მეთოდი იმის გამო დაგვეხმარება, რომ წყლის ორთქლი ჩვენს ატმოსფეროში ყველაზე გავრცელებული სათბურის აირია. შესაძლოა, მისი გაშრობით ატმოსფეროს გაგრილება შევძლოთ და ნახშირორჟანგის მავნე ზეგავლენასაც შევებრძოლოთ.
მიდგომას "საერთაშორისო სტრატოსფერულ დეჰიდრატაციას", იგივე ISD-ს, უწოდებენ. იგი სტრატოსფეროს ყველაზე ნესტიან ადგილებში პაწაწინა ნაწილაკების, ერთგვარი "ყინულის ბირთვების", "დათესვას" მოიცავს თვითმფრინავებით. ამან ყინულების ფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი, რომლებიც შემდეგ მიწაზე ჩამოცვივდება.
როგორც ჩანს, ყინულის ნაწილაკები დაახლოებით ისევე მუშაობს, როგორც ღრუბლების დათესვის ტექნოლოგია. განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში მიზანი წყლის მოშორებაა და არა წვიმის მოყვანა.
ასევე იხილეთ: პაკისტანში ძლიერ სმოგთან საბრძოლველად წვიმა ხელოვნურად მოჰყავთ
მეთოდის მუშაობის პრინციპს NOAA-ს მეცნიერები ახალი კვლევის ფარგლებში გვიხსნიან, რომელიც ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა. მათი აზრით, რეგიონში ჰაერის მხოლოდ პატარა ნაწილზე დამიზნებაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობა მოვაშოროთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველი შედეგის მისაღებად დიდი ძალისხმევის გაღება არ იქნება საჭირო.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ ყინულის დასათესად ზედგამოჭრილი იქნებოდა დასავლეთ წყნაროკეანური ცივი წერტილი (WCP) — ავსტრალიის ზომის ატმოსფერული რეგიონი, რომელიც სტრატოსფეროს ყველაზე ნოტიო და ცივი ნაწილია.
NOAA-ს განცხადება ადასტურებს, რომ მეთოდს გაგრილების კუთხით საკმაოდ მცირე შედეგი ექნება. ამას გარდა, ამით ვერც ნახშირორჟანგის დონე შემცირდება ატმოსფეროში.
ამას გარდა, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად სტრატოსფეროს დეჰიდრატაცია ახლო მომავალში ნამდვილად ვერ დაგვეხმარება — მეცნიერებს ჯერჯერობით არც გეგმა აქვთ ამის გასაკეთებლად და არც შესაბამისი ტექნოლოგია.
კომენტარები