აღმოაჩინეს 2 000 წლის წინანდელი სამარხი, რომელშიც ადამიანები ცხოველებთან ერთად არიან დაკრძალული
PLOS ONE-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ვერონაში, ჩრდილოეთ იტალიაში, ძველ ადამიანებსა და ცხოველებს შორის საინტერესო კავშირი აღმოაჩინეს.
მკვლევრებმა თანადაკრძალვის საინტერესო ფენომენი შეისწავლეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანებთან ერთად შინაური ცხოველები არიან დამარხული.
Seminario Vescovile — არქეოლოგიური ადგილია, სადაც პირველ საუკუნეში ადამიანებს კრძალავდნენ. არქეოლოგებმა აქ 161 დაკრძალული ადამიანის ნაშთი აღმოაჩინეს. რაც საინტერესოა, აქედან 16 ადამიანი შინაურ ცხოველებთან ერთად იყო დამარხული. საფლავები მოიცავდა ღორების, ქათმების, ცხენებისა და ძაღლების ნაშთებს.
მეცნიერებმა ზედმიწევნით გამოიკვლიეს როგორც ადამიანების, ისე ცხოველების ნაშთები. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები გენეტიკურად ერთმანეთთან არ იყვნენ დაკავშირებული.
ძაღლებთან და ცხენებთან ერთად დაკრძალულთა შორის მრავალფეროვნება ასევე დამაბნეველია. დაკრძალულებს შორის არიან როგორც ქალები, ისე კაცები და ბავშვები.
განსხვავებები და ტენდენციები
მკვლევრები სხვადასხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობენ, თუ რატომ ხდებოდა ადამიანებისა და ცხოველების თანადაკრძალვა. მაგალითად, ძაღლებსა და ცხენებს ძველ კულტურებში ხშირად რელიგიური დანიშნულება ჰქონდათ. ეს ზოგჯერ დაკრძალვის რიტუალთანაც იკვეთებოდა. რაც შეეხება ქათმებსა და ღორებს, ეს შეიძლება საკვებთან ყოფილიყო დაკავშირებული
ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ ინდივიდებს უბრალოდ თავის საყვარელ ცხოველებთან ერთად კრძალავდნენ.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ საზოგადოების წეს-ჩვეულებებმა და ინდივიდუალურმა მახასიათებლებმა, შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშა დაკრძალვის პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე. ეს კი მათი თქმით, ასახავს ძველ დროში კულტურისა და პიროვნული ურთიერთობების კომპლექსურ ურთიერთქმედებას.
ეს სამარხები ძველი საზოგადოების ცხოვრებისა და რწმენის ამსახველია, რაც გვახსენებს, რომ შორეულ წარსულშიც კი, ადამიანებსა და ცხოველებს შორის კომპლექსური კავშირები იყო.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგამვენ, რათა უკეთ გაიგონ თუ რატომ მარხავდნენ ადამიანებს ცხოველებთან ერთად.
კომენტარები