ალცჰაიმერი შესაძლოა, არაჯანსაღ კვებასთან იყოს დაკავშირებული
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ არაჯანსაღი კვება ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ იცოდით, რომ ეს, პოტენციურად, ნევროლოგიური დარღვევების რისკსაც შეიცავს?
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დიდი ოდენობით ხორცისა და დამუშავებული საჭმლის მიღება ალცჰაიმერის ჩამოყალიბებასთან დააკავშირეს. ავსტრალიაში მდებარე ბონდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა სერთო ჯამში 438 ადამიანის კვებითი ჩვევები შეისწავლეს. მათგან 108 ინდივიდს ზემოხსენებული დაავადების დიაგნოზი ჰქონდათ დასმული, სხვები კი ჯანმრთელები იყვნენ.
მკვლევრებმა ხანდაზმულობის ბიოინდიკატორებისა და ცხოვრების სტილის კვლევის პროექტ AIBL-ის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები სტატისტიკურად გააანალიზეს. კერძოდ, დააკვირდნენ, როგორი რაციონი ჰქონდა თითოეულ ადამიანს, რათა ამის მიხედვით მოგვიანებით მათში ალცჰაიმერის ჩამოყალიბებასთან რაიმე კავშირი გამოევლინათ.
აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაავადების მქონე ინდივიდებს ხორცეულითა და დამუშავებული საკვებით მდიდარი რაციონი ჰქონდათ. კერძოდ, ხშირად იღებდნენ ძროხისა და ღორის ხორცს, ხორცის ღვეზელებს, სოსისებს, ჰამბურგერებსა და პიცას — საჭმელებს, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს.
ასევე, ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით, მათ დიეტაში ხილსა და ბოსტნეულს მცირე ადგილი ეკავა. რაც საინტერესოა, ისინი უფრო ცოტა ღვინოს სვამდნენ, ვიდრე სხვები. ამ მონაცემების მიხედვით მეცნიერები ასკვნიან, რომ შესაძლოა, ასეთი რაციონი ალცჰაიმერის განვითარებაზე ზემოქმედებდეს.
"ტვინში ალცჰაიმერის ჩამოყალიბება შუახნის ასაკში იწყება და მისი გავლენა შესაძლოა, ახალგაზრდობაში ცხოვრების არაკონტროლირებად სტილს დავუკავშიროთ.
ახალგაზრდებში ფოთლოვანი მცენარეების, ორგანული და სახლში მომზადებული საკვების სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია, იმის ნაცვლად, რომ არაჯანსაღი ან დამუშავებული საჭმელი ჭარბად მიიღონ", — ამბობენ ავტორები.
როგორ განაპირობებს მსგავსი დიეტა ალცჰაიმერის ჩამოყალიბებას, უცნობია. არაა გამორიცხული, ამგვარი ცხიმიანი საკვები ჩვენს სხეულში ანთებით პროცესებსა და ოქსიდაციას იწვევდეს, ეს კი ტვინის ფუნქციონირებაზე აისახებოდეს ან სულ სხვა მექანიზმი მოქმედებდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Alzheimer's Disease გამოქვეყნდა.
კომენტარები