SpaceX-ის რაკეტა დედამიწის ორბიტაზე კერძო კოსმოსურ სადგურს გაიტანს
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა სტარტაპ Voyager Space-სთან and Airbus-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი რაკეტა Starship დედამიწის ორბიტაზე კერძო კოსმოსურ სადგურ Starlab-ს ერთ ფრენაში გაიტანს.
ზუსტად როდის განხორციელდება ეს ამბიციური გეგმა, უცნობია, მაგრამ სურთ, მისია 2030 წლამდე შედგეს. სწორედ ამ პერიოდში გავა ექსპლუატაციიდან საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 2 დეკადაზე მეტია, მოძრაობს.
Voyager Space-მა და Airbus-მა ახალი პროექტის ფარგლებში პარტნიორობის შესახებ 9 იანვარს განაცხადეს. ახლა მათ უკვე SpaceX-იც შეუერთდა, რომელზეც ამბობენ, რომ წარმატების ისტორიისა და სანდოობის გამო აირჩიეს.
Starlab საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს "ჩაანაცვლებს", რადგან ის სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოებისთვის, მკვლევრებისთვისა თუ კომპანიებისთვის გლობალური სამომხმარებლო ბაზის ფუნქციას შეასრულებს. ყველაფერი გიგანტურ Starship-ზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც ორბიტაზე ყველა მოდულის ერთბაშად გატანას უნდა გაართვას თავი.
აღსანიშნავია, რომ ეს რაკეტა ჯერ გამოცდის ეტაპზეა. კომპანიამ ის სატესტო რეჟიმში აქამდე მხოლოდ ორჯერ გაუშვა, რაც მისი აფეთქებით დასრულდა. პირველად ეს 2023 წლის აპრილში მოხდა, მეორედ კი ნოემბერში. მიუხედავად წარუმატებლობისა, უკანასკნელი ფრენა წინა მცდელობაზე უკეთესი აღმოჩნდა, რადგან რაკეტა უფრო შორს აიჭრა და მისი საფეხურები ერთმანეთს გამოეყო.
ამ რაკეტაზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან ის მრავალჯერადი გამოყენებისაა და სიმძლავრითაც გამორჩეულია, რის გამოც მის გამოყენებას პლანეტათაშორის მოგზაურობაში აპირებენ. გეგმის მიხედვით, Starship-ის სამომავლო კოსმოსურ ვოიაჟში პირველი გაჩერება მთვარე იქნება. უფრო ზუსტად, მისი დახმარებით მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება.
მომდევნო გაჩერება წითელი პლანეტაა, სადაც მასკს Starship-ის დახმარებით კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას ეს აპარატი ითავებს.
"SpaceX-ის გუნდი მოხარულია, რომ Starlab-ს სწორედ Starship-ით გავუშვებთ, რათა მულტიპლანეტურ სიცოცხლედ გადაქცევის გზაზე დედამიწის დაბალ ორბიტაზე ადამიანთა მუდმივად ყოფნას შევუყოთ ხელი", — აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ტომ ოკინერო.
კომენტარები