სომხეთის მთავრობამ, მობილური ოპერატორისგან, კომპანიის წილების 20% უსასყიდლოდ მიიღო
სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორის, MTS Armenia-ს მფლობელმა განაცხადა, რომ მთავრობას აქციების 20%-ს უფასოდ გადასცემს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ გასცა ნებართვა ოპერატორის წილების მიყიდვაზე Fedilco Group Limited-ისთვის.
მობილური ოპერატორის თქმით, ეს ნაბიჯი სომხეთისთვის ქსელის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით გადაიდგა. თუმცა, კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეს, 2021 წლის შემდეგ, მსხვილი კომპანიებისგან წილის გადაცემის უკვე მესამე შემთხვევაა და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება სომხეთის მთავრობის დამოკიდებულებაზე ქვეყანაში მოქმედი კომპანიების მიმართ.
MTS Armenia ადრე Aramayo Investments Limited-ს ეკუთვნოდა, კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია კვიპროსში, თუმცა ეკუთვნის რუსეთში დაფუძნებულ MTS ჯგუფს. კომპანიამ თავისი აქციები ოთხშაბათს კვიპროსში რეგისტრირებულ Fedilco Group Limited-ს მიჰყიდა.
ოპერატორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი აქციონერი კომპანიის მფლობელები არიან ჟე ჟანგი და კონსტანტინ სოკოლოვი, რომლებიც პრესრელიზში აღწერილები არიან, როგორც "პროფესიონალი ინვესტორები ტელეკომუნიკაციების, ფინანსების, ენერგეტიკის, ინვესტიციების და აქტივების მენეჯმენტის სხვადასხვა სფეროში".
რუსეთში დაფუძნებული MTS მობილური ოპერატორის, MTS სომხეთის მშობელი კომპანიის სპიკერმა ინტერფაქსს განუცხადა, რომ გარიგება რუსეთში დაფუძნებული ჯგუფის "ტრანსფორმაციის სტრატეგიის" ნაწილი იყო.
"თუ იქნება ხელსაყრელი შეთავაზებები, MTS გაყიდის არაძირითად აქტივებს, ან აქტივებს ღირებულების ზრდის შეზღუდული პოტენციალით და შემოსავალს მიმართავს თავისი ძირითადი ეკოსისტემური ბიზნესის განვითარებისკენ რუსეთში“, — განაცხადეს მათ.
MTS-მა 2023 წლის აგვისტოში მოითხოვა მისი სომხური ფრთის 100%-ის მიღება Aramayo Investments-ისგან, მაგრამ მას სომხეთის საჯარო სერვისების მარეგულირებელმა კომისიამ უარი უთხრა.
ეს არის მესამე შემთხვევა 2021 წლის შემდეგ, როდესაც მსხვილმა კომპანიებმა აქციები სომხეთის მთავრობას უფასოდ გადასცეს. 2021 წლის ოქტომბერში "ჯეოპრომაინინგმა" მთავრობას შესთავაზა ზანგეზურის სპილენძის და მოლიბდენის კომბინატის 15%. 2024 წლის 18 იანვარს, სომხეთის მთავრობამ მიიღო "ლიდიანი სომხეთის" 12,5% წილი, რითაც მწვანე შუქი აუნთო სადავო ამულსარის ოქროს მაღაროს მუშაობას.
საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თუ სანდო თანამშრომლობა?
ინფორმაცია, რომ MTS Armenia-ს წილები, შესაძლებელი იყო, კვლავ გაყიდულიყო, 2022 წელს გავრცელდა.
2023 წლის აპრილში სომხეთის საჯარო სერვისების მარეგულირებელმა კომისიამ უარყო იანვარში წარდგენილი განცხადება, Aramayo Investments Limited-ის მფლობელობაში არსებული MTS Armenia-ს 100%-იანი წილების Fedilco Group Limited-სთვის გადაცემაზე.
უარყოფის მოტივი იყო ის, რომ ტრანზაქცია "ზიანს აყენებს, ან შეიძლება მიაყენოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სახელმწიფო ინტერესებს“. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს მიერ "დაინტერესებულ ორგანოებთან" თანამშრომლობით მიღებულ შეფასებას.
თუმცა, იმავე წლის ნოემბერში, იმავე ორგანოებმა გასცეს გაყიდვის ნებართვა, სამინისტრომ თქვა, რომ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია წილებს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, სომხეთში გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ამ ფაქტის შემდეგ, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანა მიმზიდველი აღარ იყოს.
"ერთი შეხედვით, ჩვენ, მოქალაქეები (სახელმწიფო) ვხდებით დიდი აქტივების მფლობელები, რაც სასიხარულოა, მაგრამ სერიოზული რეპუტაციული რისკები წარმოიქმნება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით", - წერს ეკონომისტი ჰაიკაზ ფანიანი. "ნებისმიერი მსხვილი ინვესტორი, რომელიც განიხილავს სომხეთში შემოსვლის შესაძლებლობას, უდავოდ გაითვალისწინებს ამ გარემოებებს და რადგან ასეთ ტრანზაქციებს, როგორც წესი, ახლავს 0%-იანი გამჭვირვალობა, ასეთი ვარაუდები უფრო "გამყარდება"“.
ფანიანმა ასევე თქვა, რომ სომხეთი, შესაძლოა "სახელმწიფო კაპიტალიზმისკენ“ მიიწევდეს.
"მახსოვს, როგორ უხაროდა 2000-იან წლებში რუსეთის მოსახლეობას, რომ ხელისუფლება ოლიგარქებისგან 90-იან წლებში პრივატიზებულ სტრატეგიულ აქტივებს იბრუნებდა. იმედია, პარალელები ამით შემოიფარგლება“, — წერს ფანიანი.
კვიპროსის კომპანიების სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, Fedilco 2022 წლის აპრილში დარეგისტრირდა. გამოცემა Hetq წერს, რომ კვიპროსში ასევე რეგისტრირებული ორი კომპანია "ნოფალ ჰოლდინგს ლიმიტედი" და "ორტასანო ივესტმენტს ლიმიტედი" ფლობს წილების 75 და 25 პროცენტს. ორივე კომპანიის მფლობელი კი, Wimthed Limited-ის მეშვეობით, ანდრეას ოურისია.
ოთხივე კომპანია დარეგისტრირდა 2022 წელს, მათ შესახებ თითქმის არ არსებობს ინფორმაცია, გარდა MTS-სთან დაკავშირებული პრესისა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები