რაკეტა Vulcan Centaur-ის სადებიუტო ფრენა შედგა
დღეს, თბილისის დროით 11:18 საათზე, კანავერალის კონცხიდან United Launch Alliance-ის რაკეტა Vulcan Centaur აფრინდა, რაც მისთვის სადებიუტო მისიაა.
აღსანიშნავია, რომ აპარატის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტვირთი მთვარეზე დასაშვები მოდული Peregrine იყო, რომელიც კერძო კომპანია Astrobotic-ს ეკუთვნის. მასთან Boeing-ისა და Lockheed Martin-ის თანამშრომლობით განხორციელებული ეს მისია აშშ-სთვის ბოლო ნახევარ საუკუნეში დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე უსაფრთხოდ დაშვების პირველი შემთხვევა იქნება.
ეს ნიშნავს, რომ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Peregrine მთვარეზე 1972 წელს Apollo-ს ბოლო დაჯდომის შემდეგ პირველი ამერიკული კოსმოსური აპარატი იქნება, რომელიც იმავეს გაიმეორებს. ასევე, ეს კერძო კომპანიის პირველი ასეთი წარმატებული მისიის სტატუსსაც მოიპოვებს.
რაც შეეხება რაკეტას, მისი ფრენა ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ახლა ის ჰაერში აიჭრა და დაახლოებით 15 წუთში მისმა მეორე საფეხურმა კოსმოსში გააღწია. Peregrine მას გაშვებიდან 50 წუთში უნდა ჩამოშორდეს და მთვარისკენ გზა დამოუკიდებლად განაგრძოს.
United Launch Alliance-სთვის ეს მნიშვნელოვანი მისიაა, რადგან Vulcan Centaur-მა რაკეტა Atlas V უნდა ჩაანაცვლოს და საკმაოდ პოპულარულ და ეფექტიან Falcon 9-ს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს. ეს უკანასკნელი ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერაა შექმნილი და დღესდღეობით საკმაოდ აქტიურად გამოიყენება.
კომენტარები