აღმოაჩინეს გამოქვაბული, რომელშიც ადამიანები 17 000 წლის წინ ცხოვრობდნენ
არქეოლოგებმა ჩრდილოეთ ესპანეთში იდეალურად შემონახული გამოქვაბული აღმოაჩინეს. აქ ადამიანები 16 800 წლის წინ ცხოვრობდნენ. კანტაბრიაში, ლა გარმას გამოქვაბულში გარემო ფაქტიურად ხელუხლებელია და ისევეა შემონახული, როგორიც ის ათასობით წლის წინ იყო.
გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძირს მიმოფენილი იარაღები და სხვა არტეფაქტები.
ლა გარმას გამოქვაბული პირველად 1995 წელს აღმოჩინეს. გამოქვაბული ევროპაში კედლებზე შესრულებული ნახატების ერთ-ერთ ყველაზე სრულ კოლექციას შეიცავს. დაახლოებით 17 000 წლის წინ აქ კლდე ჩამოინგრა და გამოქვაბულში შესასვლელი ჩახერგა.
მიუხედავად ძველი აღმოჩენისა, გამოქვაბულის დიდი ნაწილი კვლავ შეუსწავლელი იყო. შესაბამისად, მკვლევრებმა ახლა გამოქვაბულის მნიშვნელოვანი და ახალი ნაწილი აღმოაჩინეს, სადაც ყველაფერი ფაქტიურად ხელუხლებლადაა შემონახული.
კანტაბრიის უნივერსიტეტის მკვლევრების მიხედვით, ეს იყო სივრცე, რომელსაც უძველესი ადამიანები საცხოვრებლად იყენებდნენ. არქეოლოგებმა აქ უამრავი ისეთი ნივთი აღმოაჩინეს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებოდა.
ეს მოიცავს ხელსაწყოებს, რომლებიც გამოიყენება ქვის, რქისა და ძვლის არტეფაქტების დასამზადებლად, აგრეთვე ცხოველების დაკვლისა და ტყავის დამუშავებისთვის. აქამდე მოძიებულ 4 614 ნივთს შორის მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს შუბები, ნემსები და სხვა ინსტრუმენტები.
გარდა ამისა, გამოქვაბულში ხელოვნების რამდენიმე ნიმუშსაც მიაგნეს — მათ შორის პირველყოფილი ძროხის ძვალია, რომელზეც როგორც ძროხის, ასევე ადამიანის სახის გამოსახულებაა ამოტვიფრული. მკვლევარების აზრით, ეს არის ერთადერთი არტეფაქტი, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ პალეოლითური ევროპიდან.
ასევე აღმოაჩინეს გულსაკიდები, რომლებსაც გამოქვაბულის მაცხოვრებლები ატარებდნენ. ნივთების უმეტესობა დამზადებულია ირმის, ცხენისა და ბიზონის ძვლებისგან.
არქეოლოგები გათხრებსა და კვლევებს აგრძელებენ. შემდეგი ცნობები 2024 წლის თებერვლისთვის გახდება ცნობილი.
კომენტარები