შესაძლებელია თუ არა მსხვერპლის დათვლა ღაზაში: მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ჰამასს შორის ომი დაიწყო, ღაზაში ინტერნეტი და ელექტროენერგია არ არის, სატელეფონო კავშირი ხარვეზებით მუშაობს, ავიადარტყმებმა გზები და შენობები გაანადგურა, სამაშველო სამუშაოები კი, რთული პირობების გამო, ნელი ტემპით მიმდინარეობს.

  • საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით, მორგები — დაღუპულებით. ნანგრევებიდან ბევრი ადამიანი ვერ გამოჰყავთ, ბევრს კი მასობრივ სასაფლაოზე კრძალავენ. შექმნილი ქაოსის გამო, დიდია შეცდომების შანსიც.

ამის მიუხედავად, ღაზაში მდებარე ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, გარდაცვლილების დათვლას განაგრძობს. მათი ბოლო ინფორმაციით (30 ოქტომბერი, 2023 წელი), ღაზის სექტორში ომმა უკვე 8000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

  • სამინისტრო ერთადერთი ოფიციალური წყაროა დაღუპულების რაოდენობის შესახებ.
  • ისრაელმა უცხოელი ჟურნალისტებისთვის და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის ღაზის საზღვრები დაკეტა, თუმცა მედიის ნაწილს ჟურნალისტები ღაზის სექტორში მაინც ჰყავს.
  • მათ რაოდენობის დადგენა არ შეუძლიათ, თუმცა ამბობენ, რომ ყოველი აფეთქების ადგილას უამრავი გვამია.

სჯერათ თუ არა ექსპერტებს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების: "რიცხვი, შესაძლოა, სრულიად ზუსტი არ იყოს, თუმცა, ძირითადად, კარგად ასახავს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის მასშტაბებს," — თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაიკლ რაიანმა.

როგორ ადგენს მსხვერპლის რაოდენობას ჯანდაცვის სამინისტრო: უწყების წარმომადგენელი აშრაფ ალ-ქიდრა ღაზის სექტორის ყველა კლინიკიდან ინფორმაციას უწყვეტად იღებს.

  • საავადმყოფოების ადმინისტრატორები ამბობენ, რომ ყველა დაჭრილისა და გარდაცვლილის მონაცემს ინახავენ, რომელიც ელექტრონულ სისტემაში შეჰყავთ, ამ ინფორმაციაზე კი წვდომა აქვთ ალ-ქიდრას და მის კოლეგებს.
  • სქრინშოთზე, რომელიც AP-ს საავადმყოფოს დირექტორებმა გადაუგზავნეს, ჩანს, რომ ელექტრონულ ბაზაში არის შემდეგი განყოფილებები — სახელები, პირადი ნომრები, კლინიკაში შესვლის დღე, დაზიანების სახე და პაციენტის მდგომარეობა.
  • სამინისტრო ინფორმაციას სხვა წყაროებიდანაც იღებს, მათ შორის — პალესტინის წითელი ჯვრის ორგანიზაციისგან.

დაღუპულების შესახებ ცნობებს უწყება ყოველ საათს აახლებს. როგორც წესი, სამინისტრო არ აქვეყნებს დაღუპულების სახელებს და ასაკს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამერიკამ გარდაცვლილთა რაოდენობა ეჭვქვეშ დააყენა, სამინისტრომ გამოაქვეყნა 212-გვერდიანი ანგარიში, სადაც პალესტინაში, ომის შედეგად დაღუპული ყველა ადამიანის მონაცემი იყო, მათ შორის — სახელები, პირადი ნომრები, ასაკი და სქესი.

როგორია გასული წლების აღრიცხვა: ისრაელსა და ჰამასს შორის ოთხი ომისა და უამრავი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, გაეროს სააგენტოები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსგან იღებენ.

ომის დასრულების შემდეგ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმაციას აქვეყნებდა გაეროს ჰუმანიტარული წარმომადგენლობაც. მათსა და ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს შორის დიდი სხვაობა არ იყო.

მაგალითად:

  • 2008 წლის ომში დაღუპული პალესტინელები: ჯანდაცვის სამინისტრო - 1440, გაერო - 1385.
  • 2014 წლის ომში დაღუპულები: ჯანდაცვის სამინისტრო 2310, გაერო - 2251.
  • 2021 წლის ომში დაღუპულები: ჯანდაცვის სამინისტრო 260, გაერო - 256.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები, ისევე, როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაციები იყენებენ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს, როდესაც მათ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება არ აქვთ.