გუბად იბადოღლუს მესამე თანამოაზრე ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაასამართლეს
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის, გუბად იბადოღლუს პარტიის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მესამე წევრს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა, რაც უკვე მესამე ბრალდებაა ერთ თვეზე ნაკლებ დროში.
პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, ადალათ იუსუბის განცხადებით, ჰუსეინ მალიკი სამშაბათს დააკავეს.
იუსუბმა განაცხადა, რომ მალიკი სოციალურ მედიაში მთავრობის მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთების გამო დააკავეს. მას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
იუსუბის თქმით დაპატიმრების დროს მალიკი ავად და საწოლს მიჯაჭვული იყო. ის დიაბეტითაა დაავადებული და გულზე სერიოზული ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა.
"ავადმყოფი კაცი საწოლიდან წამოიყვანეს და ამბობენ, რომ მან ქუჩაში წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. ამას ამბობენ კაცზე, რომელიც ერთი კვირაა სახლიდან ნაბიჯს ვერ დგამს და მკურნალობს", — წერს იუსუბი ფეისბუქზე.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, ადმინისტრაციული დაპატიმრებებისა და დაკავებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, მალიკის დაკავებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მალიკი დემოკრატიისა და კეთილდრეობის პარტიის მესამე წევრი იქნება, რომელიც ამ თვეში დააკავეს: 30 სექტემბერს დააკავეს პარტიის ხაზარის ოფისის წევრი ვუსალ ზეინალოვი, ხოლო 18 სექტემბერს ხაზარის რაიონის ოფისის თავმჯდომარე, ალავერდ ბაბაევი.
პარტია ამტკიცებს, რომ ბაბაევი და ზეინალოვი ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს.
პარტიის თავმჯდომარე, გუბად იბადოღლუ ივლისის ბოლოდან პატიმრობაშია, როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრი ყალბი ფულის დაბეჭდვის, შეძენის ან გაყიდვის ბრალდებით. ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, მისი ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
- გაიგეთ მეტი: პოდკასტი: გუბად იბადოღლუს დაპატიმრება
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები