ჩინეთი ახალი კოსმოსური ტელესკოპის გასაშვებად ემზადება. ტელესკოპს Xuntian ჰქვია და მას ჩინეთის კოსმოსური სადგურის ტელესკოპსაც (CSST) ეძახიან. სახელწოდება შეიძლება ითარგმნოს როგორც "ზეცის დათვალიერება".

ტელესკოპის გაშვება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. ტელესკოპი ზომით დაახლოებით ავტობუსის ხელაა და მას 2 მეტრის დიამეტრის სარკე აქვს. ტელესკოპი გაშვების შემდეგ ჩინეთის კოსმოსურ სადგურს უნდა მოერგოს. ასტრონომების თქმით, ტელესკოპი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს.

Xuntian ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ერთგვარი გაგრძელება იქნება. ტელესკოპი ჩინეთის კოსმოსური სადგურის მახლობლად განთავსდება და ასტრონავტებს მისი შეკეთება შეეძლებათ ხოლმე.

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლინ სიციანმა განაცხადა, რომ Xuntian გალაქტიკებს, ვარსკვლავებს, ეგზოპლანეტებს, ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას შეისწავლის.

ხედვის ველი

Xuntian-ს შეუძლია მიიღოს სამყაროს მაღალი გარჩევადობის პანორამული ხედები, დაახლოებით იგივე სივრცითი გარჩევადობით, როგორც ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს. Xuntian-ის 2,5 მილიარდი პიქსელიანი კამერა ჰაბლის მსგავსია, თუმცა ჩინეთის "თვალს" ჰაბლზე 300-ჯერ დიდი ხედვის არეალი ექნება.

ტექნოლოგია

ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) ინტერვიუში, ჩინეთის კოსმოსური პროგრამის მთავარმა დიზაინერმა ჟოუ ძიანპინმა ტელესკოპის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

"Xuntian-ის ტელესკოპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტი ჩვენი ქვეყნის კოსმოსური სადგურის პროგრამის გაშვების შემდეგ. ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც ჩინეთის ასტრონომიული საზოგადოება მოუთმენლად ელოდა", — თქვა ჟოუმ.

ჩინელი მეცნიერების თქმით, ტელესკოპი ყველაზე მოწინავეა ულტრაიისფერი სპექტრით გამოსახულების მიღების შესაძლებლობის თვალსაზრისით.

"ტელესკოპზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მალე ყველაფერი დასრულებული იქნება და გაშვებისთვის მზადებას დავიწყებთ", — ამბობენ ჩინიელი მეცნიერები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.