ისტორიაში პირველად, აშშ-მა ორბიტული ნაგვის გამო კომპანია დააჯარიმა
აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) სატელევიზიო პროვაიდერი Dish Network ორბიტაზე დატოვებული ნარჩენის გამო 150 000 დოლარით დააჯარიმა, რაც პირველი მსგავსი შემთხვევაა. კომპანიამ ძველი ხელოვნური თანამგზავრი მისიის დასრულების შემდგომ სათანადოდ შორს ვერ გადააადგილა, რის გამოც სხვა სატელიტები საფრთხის წინაშე დააყენა.
ასეთ კოსმოსურ ნაგვად ჩვენ მიერ შექმნილი აპარატები მიიჩნევა, რომლებიც აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ დედამიწის გარშემო მაინც მოძრაობს. ნავარაუდებია, რომ საბჭოთა კავშირის მიერ Sputnik 1-ის გაშვების შემდეგ ორბიტაზე 10 000-ზე მეტი ზონდი გავგზავნეთ, რომელთაგანაც ნახევარზე მეტი ექსპლუატაციიდანაა გამოსული და ნარჩენადაა ქცეული.
დღესდღეობით დედამიწის გარშემო ხელოვნურ თანამგზავრებს მრავალი კომპანია უშვებს. მათ უწევთ, ორბიტული ნარჩენების ტრაექტორია გაითვალისწინონ, რათა შეჯახებები აიცილონ თავიდან. 2022 წელს FCC-მ ახალი კანონი შემოიღო, რომლის მიხედვითაც პროვაიდერებმა სატელიტები მისიის დასრულებიდან 5 წლის ფარგლებში ორბიტას უნდა განარიდონ.
რაც შეეხება Dish Network-ს, მისი ერთ-ერთი თანამგზავრი, EchoStar-7, გეოსტაციონარულ ორბიტაზე 2002 წელს გაგზავნეს, 36 000 კილომეტრ სიმაღლეზე. ახალი კანონის მიხედვით, ექსპლუატაციიდან გასვლის შემდეგ კომპანიას აპარატი დედამიწისგან კიდევ დაახლოებით 300 კილომეტრით შორს უნდა გადაეადგილებინა, რითაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
ამის მიუხედავად, არასაკმარისი საწვავის გამო სატელიტმა მხოლოდ 122 კილომეტრი დაფარა და მიზანს ვერ მიაღწია. შესაბამისად, Dish Network-ს ჯარიმა დაეკისრა, რომლის გადახდაზეც თანხმობა განაცხადა.
150 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა კომპანიის 2022 წლის შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილია, ამიტომ მისი გადახდა პრობლემა არ იქნება. ესაა პრეცედენტი, რომელიც ამ სექტორის წარმომადგენლებში პასუხისმგებლობას გაზრდის. ასეთი სტარტაპების რაოდენობა დღითიდღე იმატებს, ამიტომ მომდევნო წლებში ორბიტაზე უფრო მეტი თანამგზავრის განლაგებაა მოსალოდნელი.
კოსმოსური ნარჩენები ძალიან სწრაფად მოძრაობს, რის გამოც სატელიტებთან თუნდაც მცირე ზომის ფრაგმენტის შეჯახება უდიდესი რისკის შემცველია. სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას ემსახურება ზემოხსენებული კანონი და ჯარიმა, რომელიც, ალბათ, შედეგს გამოიღებს.
კომენტარები