სასმელი მომავლიდან? — ახალი კოკა-კოლა, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა
ხელოვნური ინტელექტი ვითარდება და ის თითქმის ყველგან გვხვდება. და აი ახლა, ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი სასმელი შექმნა.
კოკა-კოლა Y3000 Zero Sugar, ახალი სასმელია, რომელიც ამ თვის დასაწყისში გამოჩნდა და როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს "მომავლის გემოა".
"სასმელი ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის კოლაბორაციის შედეგია. ეს არის მომავალი", — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
როგორ შექმნეს?
კომპანიამ მომხმარებლებს თავიანთი წარმოდგენების გაზიარება სთხოვა. კოკა-კოლას აინტერესებდა თუ როგორი უნდა იყოს მომავლის სასმელი. შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებით ხელოვნურმა ინტელექტმა გემოს პროფილი შეიმუშავა. ხელოვნურ ინტელექტს ეკუთვნის პროდუქტის შეფუთვა, მისი ტექსტი და ლოგოც.
თითოეულ Y3000-ს QR კოდი მოჰყვება, რომლის სკანირებისასაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს "როგორი იქნება" 3000 წელი. ასევე არის წვდომა Coca-Cola Creations Hub-ზე, სადაც მომხმარებლებს ფოტოების გაფილტვრა AI კამერით შეეძლებათ.
"ჩვენ გვსურს, რომ 3000 წელს კოკა-კოლა ისევ აქტუალური იყოს. ამიტომ, ეს ერთგვარი გამოწვევაა. ამისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის ინტელექტი გავაერთიანეთ, — თქვა ოანა ვლადმა, კოკა-კოლას გლობალური სტრატეგიის დირექტორმა.
პროდუქტი აშშ-ში, ჩინეთში, ევროპაში, კანადასა და აფრიკაში ნელ-ნელა შეზღუდული რაოდენობით გამოჩნდება.
ხელოვნურ ინტელექტს სულ უფრო მეტი ბრენდი იყენებს
კოკა-კოლა არ არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც გენერაციულ AI-ს მსგავსი "ექსპერიმენტებისთვის" იყენებს. Nestlé და Mondelez უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა OpenAI-ის DALL-E 2. კომპანიები ამას რეკლამის შესაქმნელად აკეთებენ.
სულ უფრო მეტი კომპანია ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით მცირდება ხარჯები და იზრდება პროდუქტიულობა.
კომენტარები