აფხაზებმა გზის შეკეთების მოთხოვნით "პრემიერმინისტრის კოლონას" გზა გადაუკეტეს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებმა, მთავარი გზის დიდი ხნის განმავლობაში შეუკეთებლობის გამო, პრემიერმინისტრის კოლონას გზა გადაუკეტეს.
ორშაბათს, ზღვისპირა სოფელ შიწქუარას მაცხოვრებლებმა გზა გადაუკეტეს ალექსანდრ ანქვაბის მანქანას, რომელიც გუდაუთასა და სოხუმს შორის ახლომდებარე ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა.
გზის დაბლოკვის შემდეგ, ხალხმა გამოთქვა უკმაყოფილება მათ სოფელთან მიმავალი გზის შეკეთებაზე გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო და მოთხოვნები წამოაყენა.
მაშინ, როცა ოპოზიციურ ტელეგრამ არხებზე ამ პროტესტის კადრები გავრცელდა, ოფიციალურ მედიაში აქცია მხოლოდ მინიმალური ინფორმაციით გაშუქდა.
შიწქუარასა და მიმდებარე გზების მოვლა-შეკეთების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. დროთა განმავლობაში, არსებული დაზიანებები მეწყრული პროცესების შედეგად კიდევ უფრო გამწვავდა. იმისთვის, რომ გზა გამოყენებადი და უსაფრთხო იყოს, აუცილებელია მისი შეკეთება და გამაგრება, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.
არსებული ინფორმაციით, ამ გზაზე სარემონტო სამუშაოები ბოლოს 2017 წელს ჩატარდა, როცა მდინარე შიწქუარაზე არსებული ხიდი წყალდიდობის შედეგად განადგურდა და ახლის აშენება გახდა საჭირო. თავდაპირველი ხიდიც წლების განმავლობაში საჭიროებდა შეკეთებას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ შეცვალეს, რაც სრულიად გამოუსადეგარი გახდა.
მას შემდეგ ამ გზაზე სარემონტო სამუშაოები აღარ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავთ ამის საჭიროება.
2017 წელს, ახალი ხიდის აშენებისას, ჰქონდათ იმედი, რომ გზაც მალე შეკეთდებოდა, მაგრამ ის ექვსი წლის შემდეგაც იმავე მდგომარეობაშია.
სოფელში ამბობენ, რომ ტერიტორიას მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი აქვს, რადგან ზღვისპირას, სოხუმსა და ახალ ათონს შორის მდებარეობს და შესაძლებელია, ამ ქალაქების დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა გახდეს.
ისინი იხსენებენ ხელისუფლების კიდევ ერთ დაპირებას, რომ ერთ-ერთ ხიდს, რომელიც ზღვისპირა გზას სოხუმთან აკავშირებს, გზის შეკეთებისთანავე ჩაუტარებდნენ რეკონსტრუქციას.
აფხაზეთის მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თმურ აგირბამ 2021 წელს Sputnik Abkhazia-ს უთხრა, რომ ხიდის მშენებლობა 2023 წელს დაიწყებოდა.
სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა და არც პროტესტთან დაკავშირებით გაკეთებულა ოფიციალური განცხადება.
კომენტარები