ვოიაჯერ 2-თან კავშირი შეწყდა — რა ხდება
NASA-ში კარგი ამბები არ არის. ცოტა ხნის წინ ვოიაჯერ 2-თან შემთხვევით კონტაქტი შეწყდა. ცნობისთვის, ეს მეორე ყველაზე შორეული კოსმოსური ხომალდია, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია. ვოიაჯერ 2-ზე შორს მხოლოდ ვოიაჯერ 1-ია წასული.
ვოიაჯერ 2 ამ მომენტისთვის ჩვენგან 20 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის განცხადებით, ინჟინრებმა კოსმოსურ ხომალდს დაავალეს ანტენა დედამიწიდან 2 გრადუსით გადაეხარა.
ეს საკმაოდ დიდი შეცდომა გამოდგა. დიდი მანძილის გამო კოსმოსური ხომალდისთვის ახალი ბრძანების გაგზავნას დიდი დრო დასჭირდება. შესაბამისად, დროებით კონტაქტი დაკარგულია.
საბედნიეროდ, კოსმოსური სააგენტო ასეთი შემთხვევისთვის მზად იყო. ვოიაჯერ 2 წინასწარ არის დაპროგრამებული, რათა წელიწადში რამდენჯერმე აღიდგინოს ორიენტაცია. ეს კოსმოსურ ხომალდსა და დედამიწას შორის მუდმივ კონტაქტს უზრუნველყოფს. შემდეგი გადატვირთვა 15 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული. ეს ნიშნავს, რომ ხომალდთან კონტაქტი ოქტომებრში აღდგება.
ამის პარალელურად, ვოიაჯერ 1 დედამიწას უკვე 24 მილიარდი კილომეტრით დაშორდა და ის კვლავ მუშაობს.
ორივე კოსმოსური ხომალდი 1977 წელს ერთმანეთისგან სულ რაღაც 15 დღიანი შუალედით გაუშვეს. 45 წლიანი მოგზაურობის შემდეგაც, ისინი კვლავ კარგ ფორმაში არიან და მონაცემებს აგროვებენ.
კომენტარები