კონგრესი UFO-ზე — რა ვიცით და რა არ ვიცით
2021 წელს ბარაკ ობამამ UFO-ზე შეკითხვას ასე უპასუხა: "არის ჩანაწერები, რომლებსაც ვერ ვხსნით. საუბარია ციურ ობიექტებზე და მათ ტრაექტორიებზე. შესაბამისად, ინტერესი გასაგებია".
და აი, ახლა, ეროვნული უსაფრთხოების, საზღვრისა და საგარეო საქმეთა პალატის ზედამხედველობის ქვეკომიტეტმა ეს საკითხი სერიოზულად განიხილა. მოხსენებაზე სამი მოწმე დაკითხეს. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო საჰაერო ძალების ყოფილი მაიორი, დევიდ გრუში, იყო. მას ნამდვილად ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი.
2019 წელს გრუში სამთავრობო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელსაც ცაში გაურკვეველი საჰაერო ფენომენებს (UAP) უნდა დაკვირვებოდა. ჯგუფის შექმნა შესაბამის განცხადებებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც 650-ზე მეტი მფრინავი ობიექტის გადაადგილება ჩვენთვის ახსნად აერონავტიკას ეწინააღმდეგებოდა.
2020 წელს პენტაგონმა საზღვაო ძალების მიერ გადაღებული სამი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც (UAP) ფიქსირდებოდა.
გრუში უფრო შორს წავიდა. მისი თქმით, აშშ-ს სამხედროებს დიდი ხანია ჩამოვარდნილი UAP-ის ნაშთები აქვთ. მეტიც, გრუშს მიაჩნია, რომ მთავრობა არამიწიერ სიცოცხლეზე ინფორმაციას 1930-იანი წლებიდან ფლობს.
კონგრესის წევრმა, გლენ გროტმანმა, სხვდომის იუმორით გახსნა სცადა და შემდეგი სიტყვები თქვა: "ეს ყველაზე საინტერესო მოსმენაა ამ კვირაში". მიუხედავად ამისა, მის ხუმრობაზე არავინ გაიცინა.
აღსანიშნავია, რომ მოსმენა ძირითადად გრუშის განცხადებების გამო ჩატარდა. გრუშმა უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდების შესახებ განცხადებები მედიაში წინა თვეში გააკეთა.
რა ხდება?
თავად ის ფაქტი, რომ UAP-ისა და UFO-ს არსებობას სამი დაფასებული ვეტერანი სამხედრო ამტკიცებს, უკვე საინტერესოა. სამხედრო პილოტები აღიარებულები არიან, როგორც თავისი საქმის ექსპერტები.
ერთ-ერთი მათგანი, დევიდ ფრევორი, აშშ-ს საზღვაო ფლოტის მფრინავი იყო. მისი თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტიკ-ტაკის მსგავსი მფრინავი ობიექტი შენიშნა. ობიექტი 2004 წელს წყნარი ოკეანის თავზე კამერითაც დაფიქსირდა. ფრევორი ამტკიცებს, რომ ტექნოლოგია, რომელიც მან 20 წლის წინ დააფიქსირა "ჩვენს შესაძლებლობებს სცდება".
დავუბრუნდეთ გრუშს: მოსმენის დროს მან აღნიშნა, რომ ამოუხსნელი ობიექტების ნარჩენებს აშშ-ს მთავრობა ახლაც ფლობს. მეტიც, გრუშმა თქვა, რომ პირადად იცნობს ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ. მიუხედავად ამისა, გრუშმა ამ საკითხზე საჯაროდ მეტი დეტალის გამხელისგან თავი შეიკავა.
გრუშმა მოხსენებაზე ისიც თქვა, რომ მისმა განცხადებებმა ის მნიშვნელოვნად აზარალეს, როგორც პროფესნიონალურ დონეზე, ისე პირად ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ის გაჩერებას არ აპირებს და ხაზი გაუსვა, რომ იცის იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მასზე უფრო დაზარალდნენ.
რაიან გრეივზმა, აშშ-ს საზღვაო ძალების კიდევ ერთმა ყოფილმა პილოტმა კომიტეტს უთხრა, რომ მისი აქტიური კარიერის განმავლობაში UAP-ის შემჩნევა თითქმის ჩვეულებრივი ამბავი იყო და ასეთ მოვლენებთან ხშირად ჰქონდათ კვეთა.
მომხსენებლებმა მნიშვნელოვანი მოწმეებიც ახსენეს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მათ სიტყვებს დაადასტურებენ.
გრეივზმა კონგრესმენებს უთხრა, რომ UAP-ის გარშემო არსებული სტიგმა სპეციალურად არის შექმნილი. ეს მფრინავებს გაჩუმებას აიძულებს. შესაბამისად, ხელისუფლება თვითმხილველების ჩვენებების სანდოობას ეჭქვეშ შეგნებულად აყენებს.
უსაფრთხოება
მოხსენების დროს ქვეკომიტეტი ეროვნული უსაფრთხოებითაც დაინტერესედა. კონგრესის წევრებს სურდათ გაეგოთ, სახიფათო იყო თუ არა UAP. საპასუხოდ, გრევიზმა თქვა, რომ ტექნოლოგია, რომელზეც ის საუბრობს "ზეგანვითარებულია". შესაბამისად, რთულია იმის თქმა, სახიფათოა ის თუ არა.
გრევიზის თქმით, შემაშფოთებელია, რომ მთავრობა შესაბამის ზომებს არ იღებს. მან თავდაცვის დეპარტამენტს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.
ამის პარალელურად, პენტაგონმა ბრალდებები უარყო. დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ მათ არამიწიერ მასალებზე წვდომა არ აქვთ.
და მაინც, რა გავიგეთ ახალი? თავისთავად მნიშვნელოვანია, როდესაც საკითხს კონგრესმენები განიხილავენ და მასზე მომხსენებლებად დაფასებული ვეტერანი სამხედროები არიან. მიუხედავად ამისა, მოხსენებაზე კონკრეტული არაფერი წარუდგენიათ, რაც არამიწიერი სიცოცხლის დედამიწაზე არსებობას დაამტკიცებდა.
მეორე მხრივ, კონგრესმენებმა გაითვალისწინეს მომხსენებლების ნათქვამი და სპეციალური რეკომენდაციაც კი გასცეს, რის მიხედვითაც, UAP-ისა და UFO-ს თემატიკას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები