ახალი სოცქსელის Threads გაშვებამ იმავე სახელწოდების სხვა აპლიკაციის გადმოწერები გაზარდა
5 ივლისს Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანია Meta-მ ახალი სოციალური ქსელი Threads გამოუშვა, რომელიც Twitter-ის ანალოგია. მოკლე დროში მან დიდი პოპულარობა მოიპოვა, კერძოდ, მხოლოდ 5 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ მომხმარებელთა რაოდენობას 100 მილიონისთვის გადაეჭარბებინა.
ახლა ცნობილი გახდა, რომ მისი გავლენით Slack-ის მსგავსი აპლიკაცია, რომელსაც ასევე Threads ეწოდება, უამრავმა ადამიანმა გადმოიწერა და ზოგი ქვეყნის შემთხვევაში ამ კრიტერიუმით ტოპ 10-შიც კი მოხვდა. უფრო კონკრეტულად, 6-12 ივლისს შორის პერიოდში ეს აპლიკაცია iOS-იდან 880 000-ჯერ გადმოწერეს, რაც ჩვეულებრივ მაჩვენებლებს ბევრად აღემატება.
გლობალურად მან 52-ე ადგილზე გადმოინაცვლა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში, პირველ ათეულშიც კი დაიკავა ადგილი. ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ სოცქსელი Threads ევროკავშირში ხელმისაწვდომი არაა.
რა თქმა უნდა, აპლიკაციაზე, რომელიც მომხმარებლებს ახალ სოციალურ ქსელში აერიათ, ამ შემთხვევითმა პოპულარობამ დადებითი სტატისტიკური გავლენა იქონია. ამასთანავე, კომპანიას მოუწია, მთავარ გვერდზე დაემატებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის Instagram-თან დაკავშირებული არაა. მსგავსი განცხადება მან Twitter-ზეც გააკეთა.
ეს სახელების დამთხვევის პირველი პრეცედენტი არაა. მაგალითად, მსოფლიოში Lightyear-ის სახელით ცნობილი რამდენიმე სხვადასხვა კომპანია არსებობს, მათ შორის ელექტრომობილების სტარტაპი, ონლაინ კურსების პლატფორმა და ფინტექ ფირმები. საინტერესოა, რომ Threads-ის აპლიკაცია Facebook-ის ყოფილი პროდუქტ მენეჯერის თანადაარსებულია და რომ Instagram-ს მასზე მიბმული იმავე სახელწოდების აპი აქამდეც ჰქონდა.
კომენტარები