საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის U21 ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ასპარეზობს, რითაც მთელი საფეხბურთო სამყარო ალაპარაკდა. რამაზ სვანაძის გუნდი ე.წ. "სიკვდილის ჯგუფიდან" არათუ გავიდა, პირველი ადგილის მოპოვება მოახერხა. 21-წლამდელებმა არცერთი მატჩი არ წააგეს და მეოთხედფინალში იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქე ისრაელი იქნება.

გულშემატკივრობა

გუნდის წარმატებაში დიდი როლი გულშემატკივრებმა ითამაშეს. თბილისში დინამო არენაზე ბელგიასთან შეხვედრაში U21-ის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს რეკორდი ისევ ქართველმა ქომაგებმა გააუმჯობესეს და ნიდერლანდებთან შეხვედრაში ტრიბუნებზე უკვე 43004 ადამიანი იყო.

ფოტო: nakrebi.ge

სწორედ ასეთი ინტერესისა და დასწრების საოცრად მაღალი მაჩვენებლის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-ს მიმართა, რომ მეოთხედფინალური შეხვედრა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ნაცვლად, კვლავაც ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართულიყო და თანხმობა მიიღო. ასე რომ, დასწრების ახალ რეკორდს ველით. ყველა ბილეთი უკვე დიდი ხანია გაყიდულია.

გულშემატკივრებისთვის ქართული ფეხბურთის პარტნიორს საქართველოს ბანკს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე აქვს. სულ მალე, ახალი სპეციალური ბარათი შეიქმნება — საგულშემატკივრო ბარათი. ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი და ქართული ფეხბურთის მთავარი სპონსორი სიურპრიზების შემოთავაზებას გააგრძელებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბანკი 2022 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2028 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.

ჩემპიონატი

ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო და რუმინეთი თანამასპინძლობენ, ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და ორგანიზების კუთხითაც, ფაქტობრივად, უხარვეზოა. ვიხილეთ უამრავი დრამატული მატჩი, ბევრი ლამაზი გოლი, სენსაციები... მთავარი ეტაპი კი კიდევ წინ არის.

საქართველომ პირველ ტურში ტურნირის ფავორიტი, პორტუგალია 2:0 დაამარცხა და პორტუგალიელები შემდეგ ეტაპზე — დიდი ბრძოლის შედეგად, ბოლო ტურში ბელგიასთან მოპოვებული გამარჯვებით გავიდნენ.

მეორე ტურის შეხვედრაში სვანაძის გუნდი 0:2-ს აგებდა ბელგიელებთან, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და დაუმარცხებელი სვლა განაგრძო. ბოლოს კი საქართველო ნიდერლანდებთან შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის საუცხოო გოლით იგებდა და მართალია ტაიმის მიწურულს გაუშვა, მაგრამ მატჩი 1:1 დასრულდა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფი 5 ქულით მოიგო.

ფოტო: nakrebi.ge

ეს ისტორიული შედეგია და თან ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლით, საქართველომ მეოთხედფინალში ტურნირის მთავარ ფავორიტ ინგლისთან გადაკვეთა აირიდა, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია — ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. თუ ისრაელთან გამარჯვების მოპოვებას მოვახერხებთ, ოლიმპიადის საგზური თითქმის გარანტირებული გვექნება და შანსი მარცხის შემთხვევაშიც არის, ოღონდ ეს სხვა თამაშების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ოლიმპიადაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოხვედრა კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა იქნება.

ფოტო: nakrebi.ge

ჯგუფი და მეტოქეები

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ისრაელმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჩეხეთი დაამარცხა, გადაასწრო და მეორე ადგილზე გავიდა. ისრაელმა ყველა შეხვედრაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კარგად ორგანიზებული, დაბალანსებული და ძლიერი ნაკრებია. პარალელურად, ინგლისმა გერმანიას მოუგო და ჯგუფში ჩატოვა. გერმანელებს ბოლო სამი ტურნირიდან 2 მოგებული ჰქონდათ და ერთხელ ფინალში დამარცხდნენ და მათი ჩარჩენა ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა.

ჯგუფიდან ვერ გავიდა იტალიის ნაკრებიც. ბოლო ტურში აძურინი ნორვეგიას ეთამაშებოდა და ერთადერთი შანსი, რომ ეს ორივე ნაკრები ჩემპიონატს გამოთიშულიყო, ნორვეგიელთა გამარჯვება გახლდათ, კონკრეტულად ანგარიშით — 1:0. საინტერესოა, რომ მატჩი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა და ჯგუფიდან საფრანგეთი და შვეიცარია გავიდნენ. საფრანგეთი-იტალიის შეხვედრაში კი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ინციდენტი დაფიქსირდა — ფანგმა მოთამაშემ ბურთი კარიდან ხელით გამოიტანა, მაგრამ არბიტრებმა ვერც ხელით თამაში დაინახეს და ვერც ის, რომ ბურთს ხაზი გადაკვეთილი ჰქონდა და თამაში გააგრძელეს, ჯგუფურ ეტაპზე VAR-ის არქონის გამო მომენტი ვერ გადამოწმდა...

სპეციალისტების მიერ ამჟამად ინგლისთან ერთად გამოკვეთილ ფავორიტად გამოცხადებულმა ესპანეთმა კი B ჯგუფიდან გასვლა უკრაინის ნაკრებთან ერთად დამაჯერებლად შეძლო. ესპანელებმა და უკრაინელებმა ხორვატებსა და რუმინელებს შანსი არ დაუტოვეს და შემდეგი ეტაპის საგზური უკვე 2 ტურის შემდეგ გაინაღდეს. მათი ურთიერთშეხვედრა ფრედ დასრულდა, რამაც ესპანეთი ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე გაიყვანა და მეოთხედფინალში შვეიცარიასთან დაპირისპირება "გამოუწერა" და არა გაცილებით ძლიერ საფრანგეთთან.

ფოტო: nakrebi.ge

უახლოესი მატჩები

1 ივლისს ჩვენი დროით 20:00 საათზე ბორის პაიჭაძეზე საქართველო ისრაელთან ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში, ინგლისი-პორტუგალიის წყვილში მოგებულს შეხვდება. საგულისხმოა, რომ ნოემბერში გორში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელმა საქართველოს 2:1 მოუგო. შეგახსენებთ იმასაც, რომ სვანაძის გუნდს ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები არც ისე დიდი ხნის წინ ამხანაგურ მატჩში ჰყავს დამარცხებული, პორტუგალიას კი ამ ტურნირზე მოუგო.

ინგლისი-პორტუგალია 2 ივლისს 20:00 საათზე ქუთაისში რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართება. 1 ივლისს ჩვენი დროით 22:00 საათზე ბუქარესტში ესპანეთი შვეიცარიასთან ითამაშებს. 2 ივლისს 22:00 საათზე კი კლუჟში ერთმანეთს საფრანგეთი და უკრაინა დაუპირისპირდებიან. ბუნებრივია, რუმინეთში მოთამაშე წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს ხვდებიან.

ნახევარფინალები 5 ივლისს შედგება. 20:00 საათზე ბათუმში აჭარაბეთ არენაზე და 22:00 საათზე ბუქარესტში სტადიონულ სტიაუაზე. ფინალს კი 8 ივლისს 20:00 საათზე ისევ და ისევ ბათუმი უმასპინძლებს.