ნახეთ: ატაკამის უდაბნოში გადაყრილი ტანსაცმლის უზარმაზარი გორები კოსმოსიდანაც ჩანს
ჩილეში, ატაკამის უდაბნოს ტერიტორიაზე გადაყრილი ტანსაცმლის უზარმაზარი გორებია, რომლებიც იმდენად დიდია, რომ კოსმოსიდანაც ჩანს. ამას კომპანია SkyFi-ის მიერ გამოქვეყნებული სურათიც მოწმობს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მოძრავმა ხელოვნურმა თანამგზავრმა გადაიღო.
ე.წ. სწრაფი მოდის ინდუსტრია ყოველწლიურად 92 მილიონ ტონამდე ნარჩენებზეა პასუხისმგებელი. ესაა გამოყენებული ან, სულაც, ჩაუცმელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ხშირად სწორედ ატაკამის უდაბნოში იყრება. შედეგად, ეს გორები ისეთ ზომას აღწევს, რომ კოსმოსიდან დაფიქსირებისას მის ახლოს მდებარე ქალაქის მასშტაბების ფონზეც კი უზარმაზარია.
ეს ტანსაცმელი მეტწილად ჩინეთსა და ბანგლადეშშია წარმოებული, შემდეგ კი აშშ-ში, ევროპასა და აზიის სხვა ქვეყნებში იგზავნება. პროდუქცია, რომელიც მაღაზიებში ვერ იყიდება, ატაკამის უდაბნოში მიაქვთ.
2021 წლის მონაცემებით, იქ ყოველწლიურად 59 000 ტანისამოსი იყრება. კერძოდ, იკიკეს პორტში შედის, საიდანაც ალტო-ოსპისიოს მუნიციპალიტეტის თავისუფალ ზონაში მიაქვთ.
ტანსაცმლის ნაწილს ჩილელი მოვაჭრეები ყიდულობენ. ასევე, მას რესელერები მახლობელ რეგიონებში გასაყიდად იძენენ. ამის მიუხედავად, გორებს წელიწადში 39 000 ტონამდე ტანისამოსი ემატება, რომელიც ბიოდეგრადირებადი არაა და საშიშ ქიმიურ ნაერთებს შეიცავს.
კომენტარები