არც პლანეტა და არც ვარსკვლავი, არამედ რაღაც სხვა — ახალაღმოჩენილი ობიექტი მზეზე ცხელია
ასტრონომებმა აღმოაჩინეს კოსმოსური ობიექტი, რომლის მასაც ვარსკვლავებისას ჩამოუვარდება, იუპიტერის მსგავსი აირის გიგანტი პლანეტებისას კი აღემატება. ამის გამო ის ცალკე კატეგორიაში ერთიანდება, რომელსაც ყავისფერ ჯუჯებად მოიხსენიებენ.
ეს ყველაფერი არაა — მეცნიერთა მიერ დაფიქსირებული არშემდგარი მნათობი მზეზე ცხელია.
მისი სახელია WD0032-317B და ის დედამიწისგან 1 400 სინათლის წლითაა დაშორებული. ის ჩვენს სისტემაში არსებულ უდიდეს ციურ სხეულ იუპიტერზე 75-88-ჯერ მასიურია. ეს ობიექტი საკუთარი, თეთრი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის გარშემო იმდენად ახლოს გადაადგილდება, რომ მისი ერთი წელი მხოლოდ 2.3 საათს გრძელდება.
ასეთი მცირე დისტანცია ყავისფერი ჯუჯის წარმოუდგენლად მაღალ ტემპერატურასაც განაპირობებს. WD0032-317B-ის ერთი მხარე ყოველთვის მშობელი ვარსკვლავისკენაა მიბრუნებული, როგორც მთვარის — დედამიწისკენ. შესაბამისად, აღნიშნული ნახევარსფეროს საშუალო ტემპერატურა 7 250-9 800 კელვინია (1K= -272.1°C), მეორის მიმდებარედ კი 1 300-3000 კელვინი ფიქსირდება.
თავად თეთრ ჯუჯა მნათობს მზეზე 40-ჯერ ნაკლები მასა აქვს, მაგრამ ბევრად მცხუნვარეა. მისი ტემპერატურა 37 000 კელვინს აღწევს, ხოლო მზის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 5 778 კელვინია.
WD0032-317B ყველაზე ცხელი ყავისფერი ჯუჯაა, რომელიც ოდესმე აღმოგვიჩენია. მას ატაკამის უდაბნოში განლაგებული ძალიან დიდი ტელესკოპის მეშვეობით მიაკვლიეს. ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები