23 ივნისს დედაენის ბაღში საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება — რა უნდა ვიცოდეთ
23 ივნისს დედაენის ბაღში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის შესახებ არაერთი შემეცნებითი, გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიება გამიზნულია როგორც ზრდასრულთათვის, ასევე ბავშვებისთვის..
მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის" ფარგლებში ატარებს.
ღონისძიებას მხარს უჭერს თბილისის მერია და CENN.
რა გველოდება ღონისძიებაზე
დედაენის პარკი 14:00-ზე კამპანიის "გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური" გამარჯვებული სკოლების დაჯილდოებას უმასპინძლებს. ჯილდოს თბილისის სამი სკოლა მიიღებს, რომლებმაც, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველაზე უკეთ დაგეგმეს და ჩაატარეს საკუთარი სკოლების შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრული აქტივობები.
დედაენის ბაღში სხვა ღონისძიებებიც ჩატარდება. მათ შორისაა, საგანმანათლებლო სემინარი და ვორქშოფი, რომლის დროსაც დამთვალიერებლები ენერგოეფექტურ და განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ და მათი გამოყენების უპირატესობებს გაეცნობიან.
გარდა ამისა, ბაღში მოსულ მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა და გაეცნონ ენერგოეფექტური ღუმელების, მზის წყლის გამაცხელებლების, მზის პანელების, ბიომასის ქვაბებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეების მუშაობას, აგრეთვე მიიღონ ინფორმაცია ბრიკეტებისა და სხვა ენერგოეფექტური მასალების შესახებ.
მდგრადი ენერგეტიკის დღის ორგანიზატორებმა დედაენის ბაღში მოსული სტუმრებისთვის არაერთი მხიარული და შემეცნებითი აქტივობა დაგეგმეს. კერძოდ, გაიმართება გარემოსდაცვის თემატიკის თამაშები და პრაქტიკული აქტივობები: გარემოსდაცვითი ქვიზი, ელექტრომოწყობილობების ფაზლი (ყუთების თამაში), ენერგო აუდიტი, SDG სამაგიდო თამაში. ასევე მოეწყობა შემეცნებითი სივრცე და "ეკო კარაოკე", ასევე ჩატარდება სპორტული აქტივობები.
ღონისძიებას მომღერალი და წამყვანი ელენე კალანდაძე გაუძღვება. ამასთანავე, სტუმრებს შეეძლებათ, მთელი დღის განმავლობაში მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ერეკლე გეწაძის, მიერ შეთავაზებულ მუსიკას მოუსმინონ. ღონისძიება მუსიკალური კონცერტით დასრულდება, რომელზეც 4D Monster Lobsters-ს შეასრულებს.
ღონისძიების ბმული იხილეთ აქ.
კომენტარები