ენერგოეფექტური სკოლები თბილისში — კონკურსში, გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური, თბილისის 10 სკოლა მონაწილეობს
ენერგოეფექტურობა დღესდღეობით იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ იყო. კლიმატის ცვლილება ახლა არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. მოკლე ვადაში ენერგოეფექტურობის მაქსიმალურად გასაზრდელად მოქმედება დღესვე უნდა დავიწყოთ. პირველი ნაბიჯი ამის მისაღწევად, საზოგადოებისათვის შესაბამისი ცოდნის მიწოდებაა. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ზემოქმედებაზე, რომელსაც კლიმატი ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით განიცდის.
სწორედ ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის ჩართულობით ატარებს კამპანიას „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“.
"ჩვენს სკოლას ამ დრომდე არ ჰქონია მსგავს კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, პროექტი ბავშვებს დაეხმარება ცნობიერების ამაღლებაში და მათ მისცემს მოტივაციას, იზრუნონ გარემოზე. სკოლის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება სკოლას ეხმარება, შეამციროს ენერგიის ხარჯები და დაზოგოს გადასახადები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო საკითხებისა და ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად", — განაცხადა პროექტის მონაწილემ, მენტორმა კერძო სკოლა "დეადან", ჯიმი ჩხაპელიამ.
გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური
კონკურსი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP) ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება და ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებისა და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების წახალისება და ენერგეტიკული ბაზარი.
"კონკურსის "გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური" შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე. მსგავს პროექტში პირველად ვმონაწილეობ. ენერგოეფექტურობაზე ზოგადი ცოდნა აქამდეც მქონდა და ამას ყოველდღიურობაში ვიყენებდი, თუმცა არ ვიცოდი, რომ გამოცდილების ადაპტაცია სკოლაშიც შემეძლო. პროექტში მონაწილეობა არამარტო ჩემს სკოლას შეცვლის და დაეხმარება, არამედ დიდ წვლილს შეიტანს გარემოს გაუმჯობესებაშიც", — განაცხადა ნინი მაქაცარიამ, კამპანიის მონაწილემ კერძო სკოლა "ჯეჯილიდან", სადაც რამდენიმე წელია, რაც ეკო კლუბი ფუნქციონირებს და მასში გაწევრიანებულ მოსწავლეებს ერთი მიზანი აერთიანებთ — იმოქმედონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ
სკოლა „ჯეჯილი“ ერთ-ერთია თბილისის 10 სკოლიდან, რომლებიც კონკურსში „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ მონაწილეობენ. ისინი სპეციალურმა კომისიამ სააპლიკაციო ფორმაში დასახელებულ აქტივობებსა და სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით შეარჩია. კონკურსის ფარგლებში, ამ სკოლებში ტრენინგები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები მოეწყობა. ასევე დაგეგმილია ენერგეტიკული და წყლის რესურსების აუდიტის ჩატარება. კონკურსი თბილისის 10 სკოლას დაეხმარება ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის შემოღებასა და ენერგოეფექტურობის წახალისებაში, ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას.
"ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს შესაბამისი ჩვევების გამომუშავებას. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები მიღებულ ცოდნას თავიანთ მშობლებს უზიარებენ და მათაც მოუწოდებენ, მიიღონ ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები. შესაბამისად, კონკურსის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ მიზანიც ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდაა, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს. მოგეხსენებათ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმაზე, რაც მოიცავს ენერგეტიკული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებას ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების, ენერგეტიკული ბაზრის კუთხით. იმისათვის, რომ წარმატებით მოხდეს რეფორმის განხორციელება, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა. რეფორმის ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. აღნიშნული კამპანიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის. დარწმუნებული ვარ, კონკურსი ახალგაზრდა თაობას მისცემს სტიმულს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ენერგორესურსების გამოყენებასა და გარემოზე ზრუნვას და წაახალისებს სკოლებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვას. კონკურსები, როგორიცაა “გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის პოპულარიზაციასა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას", — აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
პროექტის ფარგლებში, 150-მდე მოსწავლე შენობების ენერგოეფექტურობასთან, განახლებადი ენერგიის წყაროებთან და ენერგიის დაზოგვის მექანიზმებთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს უკვე დაესწრო. მომდევნო ეტაპზე, მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა სკოლებში უნდა დანერგონ. აღნიშნულ პროცესს წარმართავს და მონიტორინგს უწევს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის კონსულტანტი საერთაშორისო კომპანიის GOPA Intec-ის კონტრაქტორია.
"ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უწყებათაშორისისი თანამშრომლობა ამ პროცესებში გადამწყვეტია, ამიტომ, გვიხარია, რომ დღეს ვართ ამ პროექტის ნაწილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და GOPA-intec-თან ერთად და შესაძლებლობა გვაქვს, ვესაუბროთ ახალგაზრდებს ენერგოეფექტიანობაზე, ადვოკატირებასა და საზოგადოების ამ პროცესებში ჩართულობის მექანიზმებსა და მნიშვნელობაზე. მიხარია რომ ვხედავ ამდენ მოტივირებულ ახალგაზრდას და მასწავლებელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება მაგალითი სხვა სკოლებისთვის და ენერგოეფექტიანი მიდგომები დაინერგება საქართველოს ყველა სკოლაში", — ამბობს ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი
მონაწილე სკოლები 15 ივნისამდე შენობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად აქტივობებს დაგეგმავენ, საბოლოოდ კი სხვადასხვა უწყებისაგან დაკომპლექტებული კომისია 3 გამარჯვებულს გამოავლენს და ენერგოეფექტური პრიზებით დააჯილდოებს.
კონკურსში მონაწილე სკოლები:
1. ქალაქ თბილისის #169 საჯარო სკოლა
2. ქალაქ თბილისის #71 საჯარო სკოლა
3. სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესს"
4. ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის #106 საჯარო სკოლა
5. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა
6. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლა
7. კერძო სკოლა "ჯეჯილი"
8. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #178 საჯარო სკოლა
9. სკოლა "დეა"
10. ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლა
კომენტარები