Google თავის მომხმარებლებს თანხას დაურიგებს — ვის ეკუთვნის და როგორ მივიღოთ
Google-ის წინააღმდეგ აღძრული დავის შედეგად კომპანია თავის მომხმარებლებს ფულად კომპენსაციებს გადაუხდის.
მომხმარებლებს, რომელთაც Google-ში 2006 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე რაიმე მოუძებნიათ, $23-მილიონიანი შეთანხმების ფარგლებში თანხის მიღება შეუძლიათ. ფულადი კომპენსაცია უმნიშვნელო იქნება — შეთანხმების ადმინისტრატორთა ვებსაიტის მიხედვით, თითო მომხმარებელი დაახლოებით $7.70 დოლარს მიიღებს.
Google-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. კომპანიას კონფიდენციალურობის დარღვევაში სდებენ ბრალს. კერძოდ, საქმე მომხმარებელთა ძიების შედეგებისა თუ ისტორიის შენახვასა და მესამე მხარისათვის მიზანმიმართულ, სისტემატურ მიწოდებას ეხება.
სარჩელის მიხედვით, მომხმარებლების მიერ დასმული შეკითხვები სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავდა, მათ შორის: სახელებს, მისამართებს, მობილურისა და სოციალური უზრუნველყოფის ნომრებსაც კი. ეს ყველაფერი ადამიანს იდენტობის მოპარვის საფრთხეს უქმნის.
Google ბრალდებას არ აღიარებს. მიუხედავად ამისა, ახლა უკვე მოეთხოვება, თავის ვებსაიტზე ხშირად დასმული შეკითხვების (FAQ) გვერდი რეგულარულად განაახლოს და მომხმარებლებს ცხადად აცნობოს, ვის გადაეცემა მათი პირადი მონაცემები.
განაცხადის შესავსებად დრო 31 ივლისამდე გაქვთ. ამისათვის ამ ბმულს უნდა ეწვიოთ.
საგულისხმოა, რომ თანხის მისაღებად დამატებითი პირადი ინფორმაციის გაცემა მოგიწევთ, მათ შორის სახელის, მისამართისა და ელექტრონული ფოსტის.
როგორც New York Times აღნიშნავს, აპელაციებმა პროცესი მნიშვნელოვნად შეიძლება შეაყოვნოს მაშინაც კი, თუკი ოქტომბერში სასამართლო საბოლოო ნებართვას გასცემს.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ფულადი კომპენსაციების გაცემაზე Facebook-ის მხრიდანაც შევიტყვეთ. პლატფორმის მშობელი კომპანია Meta კოლექტიური სარჩლის მოგვარებას დასთანხმდა. იგი ბრალდებებს არ აღიარებს, თუმცა შეთანხმების ფარგლებში დაზარალებულ მოსარჩლეებისთვის ჯამში $725 მილიონს გაიღებს (ეს თანხა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ გადასახადებსაც მოიცავს).
იხილეთ: Facebook თავის მომხმარებლებს ფულად კომპენსაციებს გადაუხდის — ვის ეკუთვნის და რისთვის
Meta-ს შემთხვევაში განაცხადის შევსება აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებსაც Facebook ანგარიში 2007 წლის 24 მაისიდან 2022 წლის 22 დეკემბრამდე ჰქონდათ აქტიური. მოთხოვნის გაგზავნა 2023 წლის 25 აგვისტომდეა შესაძლებელი ამ ბმულზე.
კომენტარები