20-წლიანი ძებნის შემდეგ მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი საიდუმლო სპეცოპერაციის წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს
ბერძენმა მყვინთავმა, კოსტას ტოქტარიდესმა, გასულ კვირას Facebook-ის პოსტში გამოაცხადა, რომ მისმა გუნდმა აღმოაჩინა HMS Triumph-ის ნამსხვრევები ეგეოსის ზღვაში, სოუნიონის კონცხიდან ათ კილომეტრში და, დაახლოებით, 203 მეტრის სიღრმეზე.
თოქტარიდესის თქმით, ნავის დახურული ლუქები და შიგნით შეწეული პერისკოპი მიუთითებს იმაზე, რომ იგი ჩაყვინთვისას ჩაიძირა.
მკვლევრების მიხედვით, ნავის ჩაძირვა გამოწვია აფეთქებამ, რომელმაც ძლიერ დააზიანა წინა განყოფილება. თუმცა გაურკვეველია, სად მდებარეობდა აფეთქების წყარო; იგი, შესაძლოა, წამოვიდა გარედან ანდაც გამოიწვია თავად ნავის ერთ-ერთი ტორპედოს აფეთქებამ.
HMS Triumph ამოქმედდა 1938 წელს და მეორე მსოფლიო ომის დროს შეასრულა 20-ზე მეტი მისია, მათ შორის შეტევა Axis გემებსა და წყალქვეშა ნავებზე ხმელთაშუა ზღვაში. მაგრამ ხომალდი ყველაზე ცნობილია თავისი როლით ფარულ ოპერაციებში, მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკაში ჩარჩენილი რამდენიმე მოკავშირე ჯარისკაცის გადარჩენითა და საბერძნეთში (მაშინ მტრის ტერიტორიაზე) ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცრების შეპარებით.
1941 წელს, წყალქვეშა ნავმა საიდუმლოდ მიიყვანა კაპიტანი ბილ ჰადსონი, ბრიტანეთის სპეციალური ოპერაციების აღმასრულებელი ოფიცერი (SOE), სერბეთის პორტ პეტროვაცში, ადრიატიკის სანაპიროზე, რათა იგი დახმარებოდა იუგოსლავიელ პარტიზანებს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი SOE მისია და ასევე მას შემდეგ ჩატარებული ყველა სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინამორბედი.
თოქტარიდესი და მისი გუნდი ნავს 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ. მათი წარმატების ერთ-ერთი გასაღები იყო დისტანციურად მართული წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალების, ანუ ROV-ის გამოყენება. როგორც თავად აღნიშნა, "203 მეტრის სიღრმეზე და ასეთი ძლიერი დინების პირობებში, მყვინთავები ვერ მუშაობენ".
საზღვაო ჩანაწერების თანახმად, 1941 წლის დეკემბერში Triumph-მა ფარულად შეცურა დესპოტიკოს ყურეში. 30 დეკემბერს კი წყალქვეშა ნავმა გაგზავნა დაშიფრული შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, მან ჩამოსვა ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ჯგუფი და შემდეგ აპირებდა, 9 იანვარს ახლომდებარე ანტიპაროსიდან 30-ზე მეტი მტრის პატიმრობიდან გაქცეული ბრიტანელის გადარჩენას. თუმცა ნავი არ გამოჩენილა და გაქცეულები დააპატიმრეს.
1942 წელს Triumph, თავის 64-კაციან ეკიპაჟთან ერთად, დაკარგულად გამოაცხადეს. თოქტარიდესის აზრით, ეკიპაჟის ყველა წევრი ნავთან ერთად ჩაიძირა.
კომენტარები