მასტურბაცია ცხოველთა სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით კი პრიმატებში, მათ შორის ადამიანებში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქცევა გარკვეულ პათოლოგიად მიიჩნეოდა, ეს საკითხი ნაკლებად იყო შესწავლილი, მაგრამ ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მსგავსი სქესობრივი აქტივობის ევოლუციური საფუძვლები გააანალიზეს.

სპეციალისტებმა დაახლოებით 400 წყარო გამოიკვლიეს, მათ შორის აკადემიური ნაშრომები, გამოკითხვები და პრიმატოლოგთა თუ ზოოპარკში მომუშავეთა მონაყოლი. მათ დაადგინეს, რომ მასტურბაციას პრიმატებში ხანგრძლივი ევოლუციური ისტორია აქვს და, სავარაუდოდ, მაიმუნებისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნების საერთო წინაპარშიც გვხვდებოდა.

ავტორები მასტურბაციის სარგებელთან დაკავშირებით რამდენიმე ჰიპოთეზას განიხილავენ:

პირველის თანახმად, ამგვარი სტიმულაცია წარმატებულ განაყოფიერებას უზრუნველყოფს. მაგალითად, ეაკულაციის გარეშე ის სქესობრივ კავშირამდე აღგზნებადობას ზრდის და სწრაფად შეწყვილების საშუალებას იძლევა. ეაკულაციის შემთხვევაში ეს მამრებს ძველი სპერმისგან გათავისუფლებასა და შეჯვარებისას ახალი, უფრო ხარისხიანი სპერმის გამოყოფაში ეხმარება. დასტურდება, რომ ამით ისინი სხვა მამრებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში არიან, ხოლო ევოლუცია მასტურბაციამ სწორედ ასეთ კონკურენციულ გარემოში განიცადა.

მეორე ჰიპოთეზა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან აცილებას ეხება. ამ მოსაზრების მიხედვით, სქესობრივი აქტის შემდეგ მასტურბაცია მამრებში შარდსაწვეთი გზიდან პოტენციური პათოგენების მოშორების შესაძლებლობას იძლევა. ავტორებმა ამის დამამტკიცებელი საბუთიც მოიპოვეს, კონკრეტულად კი პრიმატებში მაღალი პათოგენურების პარალელურად თვითსტიმულაციის განვითარება.

მდედრებში მასტურბაციის მნიშვნელობა შედარებით ბურუსითაა მოცული, რადგან ამგვარი შემთხვევების მეცნიერული აღწერები ძალიან მცირე რაოდენობით მოგვეპოვება, რაც კონკრეტული დასკვნების გამოტანას ართულებს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში მეტი მონაცემი შეგროვდება, რომლის გამოყენებითაც ამ საკითხს უკეთ შეისწავლიან.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.