მთელი სამყარო შესაძლოა, უბრალოდ, აორთქლდეს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორია შავი ხვრელების აღსასრული? თითოეული ასეთი ობიექტი დროთა განმავლობაში მასასა და ენერგიას თერმული გამოსხივების, ანუ სითბოს სახით კარგავს. ამას ჰოკინგის რადიაცია ეწოდება, რის შედეგადაც ისინი საბოლოოდ, უბრალოდ, ორთქლდება. ახალი კვლევის მიხედვით, ეს შესაძლოა, ამ კოსმოსური მონსტრებისთვის უნიკალური არ იყოს და მთლიან სამყაროზე ვრცელდებოდეს.
ჰოკინგის რადიაცია შავი ხვრელების მოვლენათა ჰორიზონტს უკავშირდება, რეგიონს, რომლის მიღმა მოხვედრის შემთხვევაშიც, იქიდან თავს სინათლეც ვერ აღწევს. კვანტური მექანიკის თანახმად, დრო-სივრცის ენერგია სპონტანურად ნაწილაკებად და ანტინაწილაკებად იქცევა, შემდეგ კი ნადგურდება და ისევ ენერგიის ფორმას იღებს. მოვლენათა ჰორიზონტის მიმდებარედ ნაწილაკთა ამგვარი წყვილებიდან ერთი შთაინთქმება, ხოლო მეორე კოსმოსში "იჟონება".
მეცნიერები ამბობენ, რომ ამ პროცესისთვის, ანუ ჰოკინგის რადიაციისთვის, მოვლენათა ჰორიზონტის არსებობა აუცილებლად საჭირო სულაც არაა. მათი თქმით, გრავიტაციული ველის ე.წ. მოქცევითი ძალების წყალობით მსგავსი რამ შავი ხვრელებისგან შორსაც შეიძლება მოხდეს. მაგალითად, მკვდარი ვარსკვლავებისა და სხვა დიდი ობიექტების შემთხვევაში, რომლებსაც მსგავსი გამოსხივება ახასიათებს.
"ძალიან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს, შავი ხვრელების მსგავსად, სამყაროში ყველაფრის აორთქლებას გამოიწვევს, რაც არა მხოლოდ ჰოკინგის რადიაციის გაგებას, არამედ სამყაროსა და მისი მომავლის ჩვენებურ აღქმას ცვლის", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები