სალომე ზურაბიშვილი

26 May. 2023, 12:19

ძვირფასო თანამემამულენო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე თქვენი ფიცის დადების დღე და თქვენ ამ ფიცით საქართველოს ურყევ ერთგულებას და თავდადებას უცხადებთ, დღეს თქვენ საქართველოს ჯარს უერთდებით, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენია. დღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არც ერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ჯარი ჩვენი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია. ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა. 26 მაისი ის დღეა, როცა ქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და ყველანი ერთად პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილას დაღუპულ გმირებს. 

დღევანდელ დღეს არ შეიძლება, არ ვახსენოთ 100 წლის წინ, 1923 წლის 21 მაისს, დილის ხუთის ნახევარზე დახვრეტილი, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ 15 მებრძოლი ვაჟკაცი, გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით. 100 წელი გავიდა, თუმცა საფლავი და საპატიო ყარაული ჯერ არ ღირსებიათ. ამიტომ გამოვედი ინიციატივით, რომ 100 წლის თავზე თითოეულ მათგანს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება. კოტე აფხაზის სიტყვები კი ჩვენს მეხსიერებაში ჩაიწერა და ეხმიანება ილიას, ვაჟას, აკაკის, ნიკოს და სხვების სულისკვეთებას. ჩვენი პირი დასავლეთისკენ და შავი ზღვისკენ უნდა იყოს მიქცეული. დღესაც ეს გამოძახილი, ჩვენი საზოგადოების სულის კვეთებას ესატყვისება. 

ეს დღე თავისით არ მოსულა. იმისთვის, რომ 26 მაისი დამდგარიყო, ჩვენმა წინაპრებმა დამოუკიდებლობის მიზანს სიცოცხლე მიუძღვნეს, თავი გასწირეს და ძალა არ დაიშურეს. ქართველებმა ვიცოდით თავდაცვაც და თავდადებაც. ვიცოდით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი. გვესმოდა, რომ ერთი მეორისგან განუყოფელია. ქართველები არც ერთი ქვეყნის ჩრდილქვეშ ცხოვრებას არ ეგუებოდნენ. მიზნად არც ერთი ქვეყნის დაპყრობასა თუ მტრობას არ ისახავდნენ. რუსეთის იმპერიის წნეხის ქვეშ. ტოტალური რუსიფიკაციისა და ერთმორწმუნე ძმის მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების, ფრესკების განადგურების მიუხედავად, შევძელით და შევინარჩუნეთ ენაც და სარწმუნოებაც. 70-წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ და 26 მაისის ხსენების აკრძალვამაც კი ვერ მოახერხა დამოუკიდებელი საქართველოს იდეის მოსპობა. ქართველში ვერასდროს, ვერავინ, ვერაფრით ჩაკლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წყურვილი. პირიქით, რაც მეტად გვებრძოდნენ, მით უფრო მეტად ძლიერდებოდა დამოუკიდებლობის ჟინი და საზოგადოების შემართება. დღემდე ამ პრინციპებით, ღირსებითა და შეგნებით მოვედით. 26 მაისი სხვა არაფერია, თუ არა ამ სულისკვეთების განსახიერება. დღე, როცა უნდა ვამაყობდეთ წარსულით და ვამზადებდეთ ახალი თაობის უკეთეს მომავალს. [...]

ვისურვებდი, ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს. დარწმუნებული იყოს, რომ ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, ის მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს, აძლიერებს ქვეყანას, აშენებს ხვალინდელი დღისთვის თავისუფალ, დემოკრატიულ და ღირსეულ საქართველოს და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ