Apollo 10-ის ასტრონავტებს მთვარეზე "კოსმოსური მუსიკა" ჩაესმათ — მოუსმინეთ
1969 წლის მაისში მთვარეზე მისია Apollo 10 განხორციელდა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე პირველ დაშვებამდე ერთგვარი რეპეტიციის ფუნქცია შეითავსა. ამ ფრენამ წარმატებით ჩაიარა: სამი ასტრონავტისგან შემდგარი ეკიპაჟი ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ორბიტაზე 10 საათზე მეტხანს გაჩერდა, მთავარ მოდულს გამოეყო, ზედაპირთან შედარებით ახლოს მივიდა და ისევ ხომალდს დაუბრუნდა.
ამ დროის განმავლობაში ასტრონავტებმა მთვარის შორეულ მხარეს ხომალდში ყოფნისას უჩვეულო ხმა გაიგეს, რომელიც სტვენას ან ზუზუნს მიამსგავსეს. მათ მას "კოსმოსური მუსიკა" უწოდეს, რომელიც კამერებმა ჩაიწერა, მაგრამ მხოლოდ 50 წლის შემდეგ გასაჯაროვდა.
ჩანაწერში ასტრონავტები ტომას სტაფორდი, ჯონ იანგი და იუჯინ სერნანი უჩვეულო ხმას განიხილავენ:
"იანგი: თქვენც გესმით სტვენის მსგავსი ხმა?
სერნანი: კი. ისე ჟღერს, როგორც კოსმოსური მუსიკა.
იანგი: ნეტავ, რა არის?"
ამ ხმის შესახებ NASA-მ Apollo 11-ის ეკიპაჟი გააფრთხილა, მათ შორის მაიკლ კოლინსი, რომელიც გარკვეული პერიოდი მთავარ მოდულში მარტო იმყოფებოდა.
"რომ არ გავეფრთხილებინე, ძალიან შემეშინდებოდა" — იხსენებს ის თავის წიგნში "Carrying the Fire: An Astronaut’s Journeys".
ეს ხმა მაშინ გაჩნდა, როცა მთვარის მოდული მთავარ ხომალდს გამოეყო და ციური სხეულის ზედაპირზე დაშვების შემდეგ შეწყდა. საბედნიეროდ, კოლინსმა იცოდა, რასთან ჰქონდა საქმე.
"რადიო ტექნიკოსებს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით გატაცებული ადამიანებისგან განსხვავებით) ამ მოვლენის ახსნა უკვე ჰქონდათ. ეს იყო მთვარის მოდულისა და მთავარი მოდულის ძალიან მაღალი სიხშირის რადიოებს შორის არსებული შეფერხება", — წერს კოლინსი.
კომენტარები