ეს მწერი მსხვერპლის მოსანადირებლად გარემოდან აღებულ "ხელსაწყოს" იყენებს — როგორ
ჟურნალში Biology Letters გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ავსტრალიაში მკვლელი ბაღლინჯოები გარემოდან მოპოვებულ ერთგვარ ხელსაწყოს სანადიროდ იყენებენ — სხეულს წებოვანი ფისით იფარავენ, რათა მსხვერპლი უფრო მარტივად მოიხელთონ.
მკვლელი ბაღლინჯო ერთ-ერთი ავსტრალიური ბალახის, სპინიფექსის, სპეციფიკურ ფისს იყენებს.
"ხელსაწყოების გამოყენება ცხოველებში კომპლექსური და იშვიათი ფენომენია, განსაკუთრებით მწერებში", — ვკითხულობთ ნაშრომში — "არსებობს ცნობები, რომ მკვლელი ბაღლინჯოები ხელსაწყოებს იყენებენ, რადგან რამდენიმე სახეობა სხეულზე მცენარის წებოვან ფისს ისვამს, რაც, ჰიპოთეზის თანახმად, მსხვერპლის დაჭერის გამარტივების ფუნქციას ასრულებს".
იმისათვის, რომ აღნიშნულ მწერებში ხელსაწყოების მოხმარების მასშტაბი გამოეკვლიათ, მკვლევრები ველურ ბუნებაში მყოფ და დატყვევებულ მწერებს დააკვირდნენ. მათ ბუნებიდან 26 მკვლელი ბაღლინჯო შეაგროვეს და შუშის ქილებში მოათავსეს მსხვერპლთან, ბუზებსა და ჭიანჭველებთან, ერთად.
ScienceDirect-ის მიხედვით, ბუზების დაჭერა განსაკუთრებით რთულია. მეორე მხრივ, კვლევის ფარგლებში ფისით დაფარულმა ბაღლინჯოებმა ისინი იმაზე მარტივად მოიხელთეს, ვიდრე სხვებმა: 26 მწერიდან ისინი, რომლებიც წებოვან ნივთიერებას იყენებდნენ, დანარჩენებზე 26%-ით წარმატებულები აღმოჩნდნენ.
"აქ ფისის გარეშე და ფისით აღჭურვილი მკვლელი ბაღლინჯოების (Gorareduvius sp.) მტაცებლური ინტერაქციები დავდგით და აღმოვაჩინეთ, რომ მკვლელი ბაღლინჯოებისთვის ხელსაწყოს სახით სხეულის ფისით დაფარვას თვალსაჩინო მტაცებლური უპირატესობა მოაქვს", — წერია ნაშრომში — "შესაბამისად, Gorareduvius სახეობა ხელსაწყოების მომხმარებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ხოლო, ვინაიდან ეს ქცევა ყველა ინდივიდში შეინიშნებოდა, მათ შორის ახლად გამოჩეკილ ნიმფებშიც, ხელსაწყოების მოხმარება სტერეოტიპულად შეიძლება ჩაითვალოს".
შესაბამისად, მეცნიერთა დაკვირვებით, სპინიფექსის ფისის გამოყენება დასწავლილი ქცევა არაა — წებოს მაგვარ ნივთიერებაში ახლად გამოჩეკილი ნიმფებიც კი იფარავენ თავს.
"მკვლელმა ბაღლინჯოებმა გარემოში არსებული ხელსაწყო (ფისი) მოიხმარეს, იგი ტრადიციული კონტექსტიდან ამოიღეს და საკუთარ სხეულზე გამოიყენეს", — ასკვნიან მკვლევრები — "შედეგად მსხვერპლის უკეთ მოხელთების გზით სელექციური უპირატესობა მოიპოვეს".
კომენტარები